ივანე მაჭავარიანი - მოსალოდნელია, რომ საპენსიო რეფორმა გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკას 4 პროცენტით გაზრდის
ივანე მაჭავარიანი - მოსალოდნელია, რომ საპენსიო რეფორმა გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკას 4 პროცენტით გაზრდის

საპენსიო რეფორმა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა შეფასებებზე, რომლებიც ასახულია სარეიტინგო სააგენტოების დასკვნებში. მაგალითისთვის, მაჭავარიანმა მოიყვანა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩის“ დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ  საპენსიო სისტემა არის რეფორმა, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში, საგარეო რისკების შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ქვეყანაში არსებული საპენსიო სისტემის პრობლემები. ამგვარ გამოწვევებზე საპასუხოდ ყველაზე საუკეთესო, რაც მსოფლიოში გამოიგონეს, არის მრავალსვეტიანი საპენსიო სისტემა. სწორედ ეს არის ის, საითკენაც უნდა წავიდეთ ჩვენც. ბუნებრივია, ეს სისტემა გულისხმობს არსებული საბაზისო, უნივერსალური სვეტის შენარჩუნებასა და მნიშვნელოვნად გაძლიერებას. მრავალსვეტიანი სისტემის მთავარი მიზანი იყო და არის, ფისკალურად მდგრადი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ღირსეულ საპენსიო შემოსავლებს“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მან ასევე ხაზი გავუსვა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის გავლენას ეკონომიკის განვითარებაზე.

მისი განცხადებით, რეფორმას ექნება მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი. კერძოდ, ეკონომიკური ზრდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, პროდუქტიულობის ზრდა, საგარეო მოწყვლადობის შემცირება, შრომის ბაზრის ფორმალიზება, რესურსების უფრო ეფექტიანი გადანაწილება, კორპორატიული მმართველობის ხარისხის გაუმჯობესება, გრძელვადიანი დანაზოგებისა და გრძელვადიანი კაპიტალის შექმნა.

„ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ასევე, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ საპენსიო რეფორმა გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკას გაზრდის 4 პროცენტით, ხოლო მიმდინარე ანგარიშს გააუმჯობესებს 2 პროცენტული პუნქტით“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.