ივანე მაჭავარიანი - მომდევნო წლებში დაგეგმილია დეკლარაციების შემოწმების ავტომატური სისტემის დანერგვა ყველა ძირითადი გადასახადის მიხედვით
ივანე მაჭავარიანი - მომდევნო წლებში დაგეგმილია დეკლარაციების შემოწმების ავტომატური სისტემის დანერგვა ყველა ძირითადი გადასახადის მიხედვით

მომდევნო წლებში დაგეგმილია დეკლარაციების შემოწმების ავტომატური სისტემის დანერგვა ყველა ძირითადი გადასახადის მიხედვით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა მეათე მოწვევის პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოცემული სისტემა წარმატებითაა დანერგილი დღგ-ის დეკლარაციებისთვის. წინასწარ შემუშავებული რისკის კრიტერიუმებით დეკლარაციების სისწორის შემოწმება, მისი თქმით, ეტაპობრივად შეამცირებს გასვლითი საგადასახადო შემოწმებების რაოდენობას და ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელთა კანონშესაბამისობის ზრდას.

„ასევე, შეიქმნება ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ავტომატური დარიცხვის პროგრამა, რომლის გამოყენებითაც გადასახადის გადამხდელებს ავტომატურად დაერიცხებათ ბუნებრივი რესურსების ლიცენზიისა და ათვისების გეგმით გათვალისწინებული მოსაკრებლის თანხები. შედეგად, გამარტივდება მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესი, რაც დაზოგავს განცხადების წარდგენისთვის საჭირო დროს. შემუშავდება სავარაუდო დარიცხვის მექანიზმები გადამხდელის მიერ არადეკლარირებელ ვალდებულებებზე. აღნიშნული სისტემა სატესტო რეჟიმში ამუშავდება დღგ-ზე და ეტაპობრივად, დაინერგება სხვა გადასახადის სახეებშიც. პროექტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სავარაუდო დარიცხვის  ანულირება შეეძლება მარტივად, დეკლარაციის დაზუსტებით“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს საგადასახადო კონტროლის პროცედურების მოდერნიზების რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელთა ადრეულ ეტაპზე ინფორმირებას შესაძლო შეუსაბამობასთან დაკავშირებით.