ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება
ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი დეფიციტის ნიშნული შენარჩუნდება, 2023 წლისთვის კი 3 პროცენტზე ქვევით დაიწევს.

„სავალუტო ფონდის მისიასთან შუალედური შეხვედრა გვქონდა. აქ მთავარი აღსანიშნავი არის ის, რომ საბოლოოდ შევჯერდით წლის მაჩვენებელზე. ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები ყველა სექტორში ჩანს, სამწუხაროდ, ტურიზმის გარდა. ვხედავთ, რომ ზრდის დინამიკა ყველა სექტორში შეინიშნება და ძველ ნიშნულს უბრუნდება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ  ფისკალური პოლიტიკის ის ტემპი, რაც ახლა გვაქვს, ანუ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც არ შეჩერებულა, არ უნდა დავაგდოთ. პირიქით, 2021 წლისთვის გაგრძელებული ფისკალური სტიმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რათა აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. ეს გულისხმობს, რომ შემდეგი რამდენიმე წელი კიდევ მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ, თუმცა 2023 წლისკენ უნდა დავუბრუნდეთ დეფიციტის ძველ ნიშნულს, რაც არის 3 პროცენტზე ქვევით, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ყველაზე უსაფრთხო მაჩვენებელია“,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.