ივანე მაჭავარიანი - მართლა ცუდია, რომ დღეს ოპოზიცია არ ზის პარლამენტში, ეს ჩვენ არანაირ კომფორტს არ გვანიჭებს, თუმცა ამაში ხელისუფლებას არ მიუძღვის არანაირი ცოდვა
ივანე მაჭავარიანი - მართლა ცუდია, რომ დღეს ოპოზიცია არ ზის პარლამენტში, ეს ჩვენ არანაირ კომფორტს არ გვანიჭებს, თუმცა ამაში ხელისუფლებას არ მიუძღვის არანაირი ცოდვა

მართლა ცუდია, რომ დღეს ოპოზიცია არ ზის პარლამენტში, ეს ჩვენ არანაირ კომფორტს არ გვანიჭებს, თუმცა ამაში ხელისუფლებას არ მიუძღვის არანაირი ცოდვა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ადგილი.

„ოპოზიცია პარლამენტში შემოსვლაზე უარს აცხადებს მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები აბსოლუტურად გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდა. იმის მცდელობაა, რომ პროცესი რაც პარლამენტის კედლებში უნდა იმართებოდეს, დაზიანდეს. ასევე, ხელისუფლების დელეგიტიმაციის მცდელობაა და მაღალი ხარისხის დესტრუქციაა. კარგად მესმის, რომ არჩევნების შედეგები რაღაც პოლიტიკური ჯგუფებისთვის მიუღებელი იყო, უბრალოდ მათ ალბათ თავიანთი სიხარბე ვერ დაძლიეს, თორემ ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტში ალბათ უნდა შემოსულიყვნენ. საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ, უბრალოდ უნდათ, ერთ წამში ყველაფერი აიღონ და როგორც სჩვევიათ, ქვეყანა რევოლუციურ რეჟიმში გადაიყვანონ, რაც წარმოუდგენელი და დაუშვებელია. ეს ყველაფერი ძალიან გულდასაწყვეტია.

პრემიერ-მინისტრბის კანდიდატმა აღნიშნა და მგონი ამაში ყველანი ერთნი ვართ – მართლა ცუდია, რომ დღეს ოპოზიცია არ ზის პარლამენტში. ეს ჩვენ არანაირ კომფორტს არ გვანიჭებს. ხელისუფლებამ და უმრავლესობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ისინი პარლამენტში შემოსულიყვნენ. ამ ეტაპზე გვაქვს ის, რაც გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდ, საქმიან გარემოში განვითარება და ამისთვის ვართ თითოეული ჩვენგანი მოწოდებული“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში საკანონმდებლო ორგანოში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყება და ოპოზიციასთან ამ საკითხზე ოპონირება სასარგებლო იქნებოდა როგორც დოკუმენტისთვის, ასევე ქვეყნისთვის.

„რამდენიმე დღეში ბიუჯეტს შემოვიტანთ. სიამოვნებით ვიხილავდი ოპოზიციას ოპონირების რეჟიმში. ეს წაადგება ქვეყანას და ბიუჯეტს. ეს თითოეულ ჩვენგანს წაგვადგება, რომ ფორმაში, ტონუსში ვიყოთ და მინიმალური შეცდომები დავუშვათ. ჯანსაღი ოპონირება აუცილებელია. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას არ მიუძღვის არანაირი ცოდვა იმაში, რომ დღეს ოპოზიცია არ არის ამ შენობაში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.