ივანე მაჭავარიანი - მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ვალის მოცულობა შევამციროთ, რათა მომავალშიც თანხების მობილიზება შევძლოთ
ივანე მაჭავარიანი - მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ვალის მოცულობა შევამციროთ, რათა მომავალშიც თანხების მობილიზება შევძლოთ

ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ვალი ჩამოვიყვანოთ ქვემოთ, რათა მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, შევძლოთ თანხების მობილიზება, როგორც ეს ახლა შევძელით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე მაჭავარიანმა ვალის მოცულობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ყოველთვის უნდა არსებობდეს ფისკალური სივრცე, რათა კონკრეტული კრიზისის დროს რეაგირება სათანადო იყოს.

„ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს მაჩვენებელი 55 პროცენტზე ჩამოვიყვანოთ. თუმცა, დღეს წინასწარ თქვა, რა მოცულობის იქნება ვალი 2024 წელს, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულირება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ 60-პროცენტიანი ნიშნული. საკუთრივ 60 პროცენტი არ არის პრობლემა. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ინატრებდა, რომ იყოს ამ მოცულობის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ 7-8 წელიწადში ერთხელ, არის სხვადასხვა ტიპის კრიზისები, არა ამ მასშტაბის, რომელიც ალბათ საუკუნის კრიზისია, არამედ სხვადასხვა ტიპის გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ვალი ჩამოვიყვანოთ ქვემოთ, რომ რაღაც პერიოდში, თუ დაგვჭირდა, იოლად შევძლოთ თანხების მობილიზება.

ჩვენი ვალის მოცულობა იყო 40-პროცენტიან  ნიშნულზე, სწორედ ამიტომ, ძალიან იოლად შევძელით მოლაპარაკება 1.5 მილიარდ დოლარზე. დღეს, უკვე ვსაუბრობთ 1.9 მილიარდზე, რომელსაც ჯამურად წელს და წლის პირველ კვარტალში მივიღებთ. მომავალშიც, როდესაც შეიძლება რაღაც ტიპის კრიზისი მოხდეს და კიდევ დაგვჭირდეს თანხა, უნდა გვქონდეს ამისთვის სივრცე.

მეორე მხრივ, კანონიც გვავალდებულებს, ვალის მოცულობა იყოს 60 პროცენტზე ქვემოთ, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიაროთ ისეთი ვალის ნიშნულით, რომ გვქონდეს საჭირო ფისკალური სივრცე, რათა კონკრეტული კრიზისის, იქნება ეს ფინანსური, ეკონომიკური თუ რეგიონული, ვუპასუხოთ მას“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.