ივანე მაჭავარიანი - ლარი მოუახლოვდა წონასწორობის ნიშნულს, რა იქნება შემდეგ თვეებში, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული
ივანე მაჭავარიანი - ლარი მოუახლოვდა წონასწორობის ნიშნულს, რა იქნება შემდეგ თვეებში, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული

ჩვენი და ეროვნული ბანკის ანალიზით, ლარი მოუახლოვდა წონასწორობის ნიშნულს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რა იქნება ერთ ან სამ თვეში, ამაზე პროგნოზი არ კეთდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სამომავლოდ ლარის გამყარება ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

„როდესაც ლარი გაუფასურდა და ახლაც, როცა მყარდება, ვამბობდით და ვამბობთ, არც ერთი პასუხისმგებლიანი ადამიანი ამ მიმართულებით პროგნოზს არ აკეთებს და არც უნდა გააკეთოს. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, დღეს ჩვენი და ეროვნული ბანკის ანალიზით, ლარი მოუახლოვდა წონასწორობის ნიშნულს და ამ დიაპაზონში ვდგავართ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რა იქნება ერთ თვეში ან სამ თვეში, ამაზე არც არავინ არ უნდა გააკეთოს პროგნოზი, არც კეთდება. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული ლარის გამყარება, რა საკვირველია, დამოკიდებული იქნება საგარეო მოვლენების განვითარებაზე, ტურიზმის სეზონზე, იმაზე მეტი ტურისტი იქნება ვიდრე წარმოგვიდგენია, თუ ნაკლები. ასევე იცით, კორონავირუსის საკითხმა ავიამიმოსვლა შეანელა და შეამცირა, როგორი იქნება მისი ეფექტი. ძალიან მრავალი ფაქტორია. მთავარია, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ხელოვნური ჩარევებისგან თავი შევიკავოთ“ , – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

საქართველოს ეროვნული ვალუტა ბოლო დღეებში გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ოფიციალური კურსით, დღეს ერთი ამერიკული დოლარი დღეს 2.7946 ლარი ღირს.

დატოვე კომენტარი