ივანე მაჭავარიანი - კურსთან დაკავშირებით მოწყვლადობის შემცირების ყველაზე სწორი გზა არის ლარიზაცია და რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ
ივანე მაჭავარიანი - კურსთან დაკავშირებით მოწყვლადობის შემცირების ყველაზე სწორი გზა არის ლარიზაცია და რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ

საქართველოში არის ე.წ. თავისუფალი მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, – ამის შესახებ ლარის კურსთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მთავრობა და ეროვნული ბანკი არ უნდა ჩაერიოს.

„მიუხედავად იმისა, რომ რასაკვირველია, ლარის კურსის მერყეობა არ არის სასიამოვნო მოვლენა, მიმაჩნია, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი არ უნდა ჩაერიოს. ჩვენ უნდა განვახორციელოთ რეფორმები, რასაც ვაკეთებთ – ლარიზაციის რეფორმა, რაც ნიშნავს რყევების ნეგატიური შედეგების მინიმუმადე დაყვანას, მაგრამ საკუთრივ რყევების შემცირებისთვის აუცილებელია ეკონომიკური ზრდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, ექსპორტის ზრდა და შეგახსნებთ, ალბათ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ახლა ექსპორტის. ეს მიმართულება სწორია, უნდა განვავრცოთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობის მიზანია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის რყევა იყოს მინიმალური და რყევის შედეგად ნეგატიური ეფექტიც იყოს მინიმალური მოსახლეობისთვის.

„ეს ორი რამით მიიღწევა – ლარიზაციით და იმ რეფორმებით, რომელსაც ვატარებით. პირდაპირი ჩარევა, მყისიერი ჩარევა ეს არის პოპულისტური ნაბიჯი, ეს გადაარჩენს სამ-ექვს თვეს, შემდეგი ექვსი თვე შეიძლება, სტაბილური იყოს, მაგრამ სამომავლოდ ზრდას შეამცირებს, სამუშაო ადგილებს შეამცირებს, ბიზნესს დაარტყამს და ასე შემდეგ. ამიტომ მოწყვლადობის შემცირების ყველაზე სწორი, აკადემიური გზა არის ის, რაც ვთქვი და უნდა ვიაროთ ამ მიმართულებით, არ უნდა წამოვეგოთ კრიტიკას და პოპულიზმს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.