ივანე მაჭავარიანი - კომპენსაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურში ამ დროისთვის 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპენსაციის მისაღებად ამ დროისთვის შემოსავლების სამსახურში 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული.
როგორც ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მონაცემები უკვე გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში და მალევე დაიწყება კომპენსაციების გაცემა.
„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მეწარმეებს, იმათ, ვისაც შეეხო 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვები, რომ ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის პორტალით, სადაც არის შესაბამისი ფორმა. საკმაოდ მარტივი ფორმაა შესავსები, სადაც უნდა მიუთითონ დასაქმებულის ვინაობა, ასევე მისი პირადი მონაცემები და რაც მთავარია, საბანკო ანგარიში, რომლის შემდეგაც ჩვენ გადავაგზავნით ამ ინფორმაციას ჯანმრთელობის სამინისტროში და იქიდან მოხდება კომპენსაციების გაცემა. მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება 24 დეკემბრამდე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დრო, თუმცა შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრამდე დაზუსტება. მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები სწორად იყოს მოწოდებული, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება იმ გადამხდელს, ვინც მოახდენს ამ ინფორმაციის მოწოდებას. მინდა გითხრათ, რომ სისტემა არის გამართული და იქ არის კითხვა-პასუხის ნაწილიც, ამომწურავ პასუხს მიიღებენ ყველა შეკითხვაზე. მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად დროულად და ოპერატიულად მოახდინონ ინფორმაციის მოწოდება შემოსავლების სამსახურისთვის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.