ივანე მაჭავარიანი კომპანიებს მოუწოდებს, პირველ ივნისამდე მიაწოდონ შემოსავლების სამსახურს ინფორმაცია მათზე, ვისაც პირველ კვარტალში, ექვსი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც ერიცხებოდა ხელფასი და დღეს აღარ ერიცხება
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა კომპანიასა და დამსაქმებლებს, მაქსიმალურად სწრაფად მიაწოდონ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს იმ თანამშრომელთა შესახებ, რომლებზეც ხელფასის გაცემა აღარ ხდება, რათა მათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული კომპენსაციები მიიღონ.
მისი განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია პირველ ივნისამდე უნდა დადასტურდეს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, ვთხოვოთ ყველა კომპანიას, დამსაქმებელ, იურიდიულ პირს პირს, რომ მაქსიმალურად ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება, იქნება ეს უხელფასო შვებულება, სამსახურიდან დროებით გაშვება თუ ნებისმიერი მიზეზით, ვისზეც ვერ მოხდა ხელფასის გაცემა. პირველ ივნისამდე უნდა დაგვიდასტურონ ეს ინფორმაცია, მოგვაწოდონ მათი საბანკო ანგარიშები, რომ მოხდეს დროულად 1200 ლარიანი კომპენსაციების პაკეტის გადახდის დაწყება, რომელიც ექვსი თვის განამვლობაში იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, შესაბამის დადგენილებაში ცვლილება შევიდა და ვადა, რომელიც შემოფარგლული იყო და ეწერა საგანგებო მდგომარეობამდე, პირველ ივნისამდე გახანგრძლივდა.
„კიდევ ერთხელ განვმარტავ პირობებს – პირველ კვარტალში, ვისაც ექვსი თვის განმავლობაში მაინც უფიქსირდებოდა ხელფასი, იმ ადამიანებს ერგება კომპენსაცია. იყო გაუგებრობა, რომ ვრცელდებოდა მხოლოდ საგანგებოს პირობებში, მაგრამ ზოგადად, „კოვიდის“ ნეგატიური გავლენა პრაქტიკულად თებერვლიდან დაიწყო. შესაბამისად, ჩვენ მარტო ამ პერიოდით არ ვიფარგლებით, რასაც საგანგებო მდგომარეობას გულისხმობდა და ამიტომ დადგენილებაში შევიდა ცვლილება. პირველ ივნისამდე მოგვაწოდონ იმ ადამიანების საბანკო ანგარიშები, ვისაც პირველ კვარტალში, ექვსი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც ერიცხებოდა ხელფასი და დღეს უკვე ეს ხელფასი აღარ ერიცხებათ, რათა დროულად დავიწყოთ მათთვის გადახდის დაწყება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.