ივანე მაჭავარიანი - ხალხის ხარჯზე აწყობილი ბიზნესი, ბიზნესი არ არის
ივანე მაჭავარიანი - ხალხის ხარჯზე აწყობილი ბიზნესი, ბიზნესი არ არის

ხალხის ხარჯზე აწყობილი ბიზნესი, ბიზნესი არ არის, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „იმედის კვირის“  პირდაპირ ეთერში ჩართვისას. მისი თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა „ომეგა ჯგუფისა“ და სხვა ნებისმიერი კომპანიის მიმართ არის თანაბარი.

„თავად ბიზნესიდან ვარ მოსული და კიდევ ვიმეორებ – ასეთი დაცული ბიზნესი და ასეთი მეგობრული გარემო მე არ მახოვს. დამერწმუნეთ, ბიზნესის 99 პროცენტი, 100 პროცენტი თუ არა, ასე ფიქრობს. შესაბამისად, პოლიტიკა არის ასეთი – ჩვენ, რასაკვირველია, გვესმის ბიზნესის მდგომარეობა. თუ ვხედავთ, რომ მას აქვს პრობლემები, ვთავაზობთ გამოსავლის გზებს. თუმცა, ესაა გამონაკლისი შემთხვევები. ბიზნესის მხრიდან ძალიან სერიოზული  არგუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი – უნდა იყოს ადგილობრივი წარმოება, როგორც ეს, მაგალითად, იყო „ომეგას“ შემთხვევაში. ზუსტად ამიტომ იყო, რომ ორი წელი ხელს ვუწყობდით. ზოგადად, ბიზნესის მიმართ ჩვენ ლოიალურები ვართ. თუმცა, თუ რომელიმე ბიზნესი, რომელიმე საწარმოს ბიზნესმოდელი დგას იმაზე, რომ გადასახადები არ გადაიხადოს და თუ გადაიხდის, გაკოტრდებიან, მაშინ ასეთი ბიზნესი არავის სჭირდება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – სად გადის ზღვარი ბიზნესის მიმართ ხელშეწყობასა და საბიუჯეტო გადასახადების გადახდის ვალდებულებას შორის, ფინანსთა მინისტრმა უპასუხა:

„ეს ზღვარი გადის ვალდებულებების გადახდაზე. ჩვენ წელს გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი შემოსავლები ისე, რომ არც ერთი ბიზნესი არ დაჩაგრულა, არ დაგვიტერორებია. ეს ყველაფერი ხდება ბიზნესის, ეკონომიკური ზრდისა და გაუმჯობესებული ადმინისტრირების ფონზე. შესაბამისად, ზღვარი გადის კანონზე და კანონი ითხოვს გადასახადების გადახდას. თუმცა, ამავდროულად, ხელისუფლება შეძლებისდაგვარად, ასევე კანონის ფარგლებში, ყოველთვის ითვალისწინებს ბიზნესმენების მდგომარეობას, იქნება ეს გადავადება თუ სხვა ტიპის ხელშემწყობი ღონისძიებები“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.