ივანე მაჭავარიანი - ჯარიმების ლიბერალიზაციის მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯები გადავდგით
ჯარიმების ლიბერალიზაციის მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯები გადავდგით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ განაცხადა.
ფინანსთა მინისტრმა ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე: „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“ სპეციალური პრეზენტაცია გამართა.
როგორც მან აღნიშნა, ჯარიმების ლიბერალიზაციის საკითხი წლების განმავლობაში არაერთ საერთაშორისო ანგარიშში ხვდებოდა.
„საუბარი იყო არათანაბარზომიერ ჯარიმებზე და ზოგ შემთხვევაში, დრაკონულზეც. ამ მიმართულებით ჩვენ მკვეთრი ნაბიჯები გადავდგით. განახევრდა საგადასახადო ჯარიმის ოდენობა, იმ შემთხვევაში თუ გადამხდელი დროულად შეასრულებს საგადასახადო ორგანოს მიერ მასზე დაკისრებულ საგადასახადო ვალდებულებებს, სამჯერ შემცირდა ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და გადაუხდელი გადასახადის თანხაზე საურავის დარიცხვა გრძელდება არაუმეტეს 3 წლისა, დაწესდა ზღვრული ოდენობა გადასახადის შემცირებისათვის არსებულ ჯარიმაზე. ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას, პირველ შემთხვევაში, სანქციის სახით გამოიყენება გაფრთხილება, ფულადი ჯარიმის ნაცვლად,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო რეიტინგებისთვის და სასარგებლო მეწარმეებისთვის.
„აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში” საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებში ლომის წილი აქვს საგადასახადო რეფორმებს, რომელიც გაატარა ფინანსთა სამინისტრომ. მჯერა, ჯარიმების და დამატებით გადახდისუუნარობის კანონი, რომელიც პრაქტიკულად მზად არის, ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო წინ წაწევს საერთაშორისო რეიტინგებში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიაზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“.
კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.