ივანე მაჭავარიანი - იცით, როგორც ფორმირდებოდა კოვიდის ფონდი და ვინ იყო მთავარი შემომწირველი
ივანე მაჭავარიანი - იცით, როგორც ფორმირდებოდა კოვიდის ფონდი და ვინ იყო მთავარი შემომწირველი

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, იმის გამო, რომ ტურიზმის აღდგენა ვერ მოხერხდა, ქვეყანაში ახალი გამოწვევები გაჩნდა. ვანო მაჭავარიანის თქმით, ამის გათვალისწინებით შემუშავდა სოციალური დახმარების მესამე ეტაპიც.

„როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, კოვიდის ფონდიც ავსახეთ ბიუჯეტში. გლობალურად თუ ვიტყვით, ყველაფერი დაიხარჯება ბიუჯეტიდან, თუმცა კოვიდის ფონდში ამ მომენტისთვის არის 135 მილიონ ლარამდე. ამ ფონდის მიმართვა ძირითადად ბავშვების საკოპენსაციო პაკეტებზე მოხდება, თუმცა მესამე ფაზის ეტაპის  ინიციატივა, რითაც დღეს მთავრობა გამოვიდა, უფრო დიდია, ვიდრე კოვიდის ფონდის თანხა“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც მაჭავარიანმა ბრიფინგზე აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომელ თვეში მოხდებოდა კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, მას გარკვეული პირები მაინც საარჩევნო კონტექსტში განიხილავდნენ.

„ჩვენი ხედვით და მოსაზრებით, ზამთარი არ იქნება იოლი. ეკონომიკური პროცესის აღდგენა წავა და წლის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იქნება, თუმცა ტურიზმის გამო, სრულ აღდგენას არ ველოდებით. იცით, რომ 1- ელი ივლისისთვის ქვეყანა სრულად შეიძლებოდა გახსნილიყო, თუმცა ვირუსის ტალღები გაგრძელდა და ცხადი გახდა, რომ წლის ბოლომდე სრული მასშტაბით კი არა, ნაწილობრივადაც ვერ აღდგება ტურიზმი. ამან დაგვანახა ახალი გამოწვევები. შესაბამისად, მესამე ეტაპის ღონისძიებები ამ კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდა. ამავე პაკეტში დევს ზამთრის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებული ნაწილისთვის დენის და გაზის გადასახადის სუბსიდირებას. ყველაფერი მიდის ბიუჯეტიდან, თუმცა ბავშების საკოპენსაციო ნაწილი დაფინანსდება კოვიდის ფონდიდან, რომელიც იცით, როგორც ფორმირდებოდა და ვინ იყო მთავარი შემომწირველი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების გაცემის კიდევ ერთი ეტაპი განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 480 მლნ ლარია.

17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს და პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ ლარია.

ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, თუმცა დოკუმენტაცია არ ჰქონდა გამართული, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება, რისთვისაც 280 მლნ ლარი გამოიყო.

150 ათასამდე სოციალური ქულის მქონე და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს და ამაში 35 მლნ ლარი დაიხარჯება.