ივანე მაჭავარიანი ჰონგ კონგის მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრს შეხვდა
ივანე მაჭავარიანი ჰონგ კონგის მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დღეს ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრს, ედვარდ იაუს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) ბიზნესდელეგაციას ხელმძღვანელობს.

დელეგაციის ვიზიტის მიზანი, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობა და ქართველ პარტნიორებთან შესაძლო ბიზნესკავშირების დამყარებაა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჰონგ კონგმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტი 2019 წლის თებერვლიდან უკვე ძალაშია და მისი მიზანია, ჰონგ კონგსა და საქართველოს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საინვესტიციო და ბიზნეს კავშირების გააქტიურების პერსპექტივას, პარტნიორობის საკითხებს ისეთ  სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და მეწარმეობის განვითარება, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები და სხვა.

ივანე მაჭავარიანმა მინისტრს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული, ასევე  დაგეგმილი რეფორმები გააცნო და  აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და წარმატების გაზიარება, რომელიც ჰონგ კონგს აქვს, როგორც მსოფლიოში წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის“  ფარგლებში.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მიმართავს სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის გაძლიერებას.

„მხარეებმა იმედი გამოთქვეს, თბილისში გამართული პანელი „ინვესტირების შესაძლებლობები საქართველოში“ კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მიმართ  დაინტერესებას და საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.