ივანე მაჭავარიანი - გრძელდება მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება, რომელიც შეაერთებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 
ივანე მაჭავარიანი - გრძელდება მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება, რომელიც შეაერთებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 

გრძელდება მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება, რომელიც, საბოლოო ჯამში შეაერთებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ 250 მილიონი ევროს გამოყოფის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე, როგორიცაა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

„როგორც წესი, ერთ-ერთი ყველაზე შეღავათიანი სესხია ევროპის საინვესტიციო ბანკისგან. როგორც იცით, ეს არის ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტი. უკვე მრავალი წელია მათთან ვთანამშრომლობთ. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას 250 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ და დაფინანსდება მიზნობრივად ​რუსთავი-სადახლო და რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალი, რაც მთავარი, ე.წ ხერხემლის ნაწილია. შესაბამისად, გრძელდება მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება, რომელიც საბოლოო ჯამში შეაერთებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს და წითელი ხიდიდან სარფამდე იქნება ჩქაროსნული გზა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ვაზილ ჰუდაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევრო რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება.