ივანე მაჭავარიანი - გამოკითხულთა 45 პროცენტს თუ არ სმენია ჩემ შესახებ, არ არის ცუდი მაჩვენებელი
ივანე მაჭავარიანი - გამოკითხულთა 45 პროცენტს თუ არ სმენია ჩემ შესახებ, არ არის ცუდი მაჩვენებელი

გამოკითხულთა 45 პროცენტს თუ არ სმენია ჩემ შესახებ, არ არის ცუდი მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს კვლევის შედეგებზე კომენტარისას განაცხადა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, არ არის აუცილებელი, ფინანსთა მინისტრის შესახებ ყველამ იცოდეს.

„ჩვენს საქმეს წყნარად ვაკეთებთ. მთავარია, რომ ქვეყნის ფისკალური და მაკროეკონომიკური განვითარება, არ შეჩერდეს რეფორმები და შევინარჩუნოთ მდგრადი განვითარება. ჩვენი მაჩვენებლები არ არის ცუდი და ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, დაწყებული სავალუტო ფონდით, მსოფლიო ბანკით და ასე შემდეგ. არ განვმეორდები იმაზე, რამდენად წინ წავიწიეთ რეიტინგებში, რომ ჩვენი საკრედიტო რეიტინგიც გაუმჯობესდა, რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა დიდი ალბათობით ჩვენ გვექნება და ეს სავალუტო ფონდმა თავის რეპორტში გამოაქვეყნა. შესაბამისად, ამ ნაწილში არის პროგრესი, მაგრამ არ არის საკმარისი. საკმაოდ დაბალ ნიშნულზე ვართ და ის პროგრესი, რომელიც არის, ბოლომდე ვერ მიდის ალბათ თითოეულ მოქალაქემდე, ამიტომ არის უფრო მეტი ზრდა საჭირო“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტით მყოფი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველზე, კრისტინ ლაგარდზეც ისაუბრა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, კრისტინ ლაგარდმა არაერთხელ აღნიშნა ინკლუზიურობის ზრდა, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის ჩართულობა მეტად უნდა მოხდეს.

„ლაგარდის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ის მესამე დღეა, აქ იმყოფება. დამერწმუნეთ, არ არის უბრალო ამბავი და ეს არ ხდება ყოველთვის ყველგან. ეს ნიშნავს, რომ არის მაღალი ნდობა რეფორმებისა და ქვეყნის მიმართ. ეს უნდა გამოვიყენოთ, განვავრცოთ და დარწმუნებული ვარ, საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენი მოსახლეობაც იგრძნობს ამ გაუმჯობესებას“, -განაცხადა მაჭავარიანმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 8 პროცენტს, ხოლო 45 პროცენტს მის შესახებ არ სმენია.