ივანე მაჭავარიანი - მსოფლიო ბანკი მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას მიესალმება
ივანე მაჭავარიანი - მსოფლიო ბანკი მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას მიესალმება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ  შტატებში იმყოფება, სადაც  საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი  ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსთან თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები.  შეხვედრაზე პოზიტიურად  შეფასდა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

„მსოფლიო ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას. ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნული რეფორმის განხორციელების პროცესში, როგორც ფინანსური მხარდაჭერის გზით, ასევე, ექსპერტების მონაწილეობით. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სექტორში. ის გამოყოფილი ფინანსური სახსრები, რომელიც მსოფლიო ბანკის მხრიდან უნდა დაიხარჯოს შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, საკმაოდ შთამბეჭდავია. რაც შეეხება განათლების რეფორმას, ეს არის გრძელვადიანი რეფორმა და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ისეთი პარტნიორის მხარდაჭერა, როგორიც არის მსოფლიო ბანკი“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც სირილ მიულერმა აღნიშნა, შეხვედრაზე განათლების საკითხები განიხილეს, რომელშიც საქართველოს მთავრობა ვითარების გაუმჯობესებას ცდილობს.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დელეგაციასთან მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრის ფორმატში შეხვედრა. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია მთავრობის პრიორიტეტებსა და იმ პროექტებზე, რომელიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. კერძოდ, ჩვენ განვიხილეთ განათლების საკითხები, სადაც საქართველოს მთავრობა ცდილობს ვითარების გაუმჯობესებას და ამით ქვეყანას მისცეს წინსვლის საშუალება. ასევე, განვიხილეთ ენერგეტიკული სექტორი და ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა. მოხარული ვარ, რომ საქართველო აგრძელებს მტკიცე ზრდას, მიუხედავად რთული ეკონომიკური მდგომარეობისა მეზობელ ქვეყნებში“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდამჭერია. მსოფლიო ბანკთან 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, საქართველოში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.