ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა
ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დღეს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, მატეო პატრონესა და კავკასიაში ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანმა, კატარინა ჰანსენს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით, ბანკის რეგიონული ოფისი კვლავ გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორთან.

როგორც ახალმა რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია და დიდი პოტენციალი გააჩნია შემდგომი განვითარებისთვის. მისი თქმით, ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა, გლობალურ ეკონომიკაში შემდგომი ინტეგრაცია, რისთვისაც ევროპის რეკონსტრუქიციისა და განვითარების ბანკი გააგრძელებს განვითარების პროცესის მხარდაჭერას ინვესტიციების შემდგომი ზრდითა და რეფორმების მხარდაჭერის გზით.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანკის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: განათლება, ენერგეტიკა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად პირველი აპრილიდან შეუდგა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ბრუნო ბალვანერა შეცვალა, რომელმაც ცენტრალურ აზიაში ბანკის მმართველი დირექტორის თანამდებობა დაიკავა.