ივანე მაჭავარიანი - ჩვენი სამთავრობო გუნდის მიზანია ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება მომავალი საარჩევნო წლისთვის
ივანე მაჭავარიანი - ჩვენი სამთავრობო გუნდის მიზანია ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება მომავალი საარჩევნო წლისთვის

2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული, სადაც გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე პრიორიტეტად რჩება კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარება.

ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ძირითად პრინციპებზე, რომელიც 2017-2020 წლებში ქვეყნის ფისკალურ პოლიტიკასა და ბიუჯეტის შედგენის პროცესს საფუძვლად დაედო.

„ჩვენმა ფისკალურმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, გაზარდა ფისკალური სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის წამახალისებლის როლი. 2017-2020 წლებში ფისკალური პოლიტიკა და ბიუჯეტის დაგეგმვა ეყრდნობოდა სამ ძირითად პრინციპს: ფისკალური დეფიციტის შემცირება, მიმდინარე ხარჯების კონტროლი და კაპიტალური ხარჯების ზრდა. ყველა ეს პრინციპი საფუძვლად დაედო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას, რომლის ყველა მიმართულება მთავრობამ წარმატებით შეასრულა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამთავრობო გუნდის მიზანია ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება.

„ჩვენი სამთავრობო გუნდის მიზანია, ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება მომავალი საარჩევნო წლისთვის“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისი შეფასებით, ქვეყანას აქვს წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიღებული პოზიტიური შეფასებები მნიშვნელოვანი გზავნილია, როგორც ინვესტორების, ისე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

„ჩვენი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უნდა დასრულებულიყო 2020 წლის აპრილში, თუმცა, რადგან მომავალი წელი პოლიტიკურად აქტიური წელია, ჩვენი სამთავრობო გუნდის მიზანია, ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება. სავალუტო ფონდის პროგრამა კი იქნება ეფექტიანი სიგნალი ამ მიზნის გასამყარებლად, ამიტომ ჩვენ მივაღწიეთ პირველად შეთანხმებას სავალუტო ფონდთან პროგრამის ერთი წლით გაგრძელების თაობაზე“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.