ივანე მაჭავარიანი - ჩვენი ამბავი რომ ვიცი, არ შევეშვებით პარლამენტის შენობის შტურმს და არ გვინდა, რომ დაიცვას პოლიციამ, ეს არის საზოგადოების დაკვეთა?
ივანე მაჭავარიანი - ჩვენი ამბავი რომ ვიცი, არ შევეშვებით პარლამენტის შენობის შტურმს და არ გვინდა, რომ დაიცვას პოლიციამ, ეს არის საზოგადოების დაკვეთა?

ჩვენი ამბავი რომ ვიცი, 5-10-20 წელიწადში არ შევეშვებით ამ შენობის შტურმს და არ გვინდა, რომ დაიცვას პოლიციამ, არასდროს აღარ დაიცვას? ეს არის საზოგადოების დაკვეთა? –  ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული ინციდენტის განეიტრალება პრაქტიკულად რამდენიმე წუთში მოხდა და ეს მარტივი არ არის. მისი თქმით, 25-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაში, რომელიც ჩაიშალა და დელეგაციები ამას გაგებით მოეკიდნენ.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში პარლამენტში ძალით შეჭრა და შტურმი არა მხოლოდ სიმბოლოა გადატრიალების, არამედ ტექნიკური განხორციელების საშუალებაა.

„საქართველოში ჯერჯერობით, მხოლოდ ამ გზით ხდებოდა გადატრიალება. თუ ის სკამია სიმბოლო, შტურმი ბევრად მძიმე რამის სიმბოლოა. შესაბამისად, პროპორციულობის განცდამ არც აქ უნდა დაგვაღალატოს. პრაქტიკულად, რამდენიმე წუთში მოხდა ამ ინციდენტის განეიტრალება და ნუ გგონიათ, რომ იოლი რამეა. 25-მდე ქვეყანა იყო, მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნები და მეგობარი დელეგატები. ისინიც გაგებით მოეკიდნენ ამ სხდომის ჩაშლას და მალევე დატოვეს დარბაზი. ეს საკმარისზე მეტი რეაქცია იყო, რაც შეიძლება პირველ წუთებში მომხდარიყო. შესაბამისად, პარლამენტის შტურმით აღების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უშიშროების სამსახურმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც 3-საათიანი შტურმის მერე, 30-ზე მეტი დაშავებულის მერე გამოიყენა ძალა. აი ახლა, ამის შემდეგ შეიძლება საუბარი ძალის გამოყენების პროპორციულობაზე“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მაჭავარიანის თქმით, პასუხისმგებლობას არა მხოლოდ გიორგი გახარია, არამედ მინისტრთა კაბინეტის არც ერთი წევრი არ გაურბის.

„ეს არ არის გიორგი გახარიას ოპერაცია. ეს არის საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ერთადერთი სწორი, ლეგიტიმური რეაგირება იმ დროისათვის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ ქვეყანა ყოველ ჯერზე მსგავს რისკამდე იქნა მიყვანილი, კითხვები ლარის კურსსა და ტურიზმთან დაკავშირებით მძიმე იქნება.

„ჩვენ თუ ეს ქვეყანა ყოველ ჯერზე ასეთ რისკამდე მივიყვანეთ, კითხვები – ლარს რა მოუვიდა, ტურიზმს რა მოუვიდა – ბევრად უფრო მძიმეა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს, რომ ვიღაცა სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო გადავწვათ. მერამდენეჯერ მეორდება. ეს ხომ გავლილი გვაქვს?“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს თავისი სახე და ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა ღირსეულად მოქცევა.

„რამდენიმე წუთში შეწყდა სხდომა. ის კაცი (გავრილოვი) აქედან გაფრინდა. ეს კიდე ცალკე საკითხია სხვათაშორის, ვერავინ დამაბრალებს, რომ რამე სახით ვუთანაგრძნობ იმ კაცს, მაგრამ იგივე ფიზიკური შეხება, იგივე რაღაცების სროლა იმ ადამიანზე, არ წერია ეს არაფერში, არ არის ეს ჯანმრთელი ამბავი. რა მნიშვნელობა აქვს, ხან გვინდა კავკასიელები ვიყოთ, ხან გვინდა ეს ვიყოთ..  არ წერია ეს ამბავი, რომ სტუმარს ესე უნდა მოექცე.

საერთოდ არ მაინტერესებს, ის კმაყოფილია თუ არა. მე ვიცი, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახე, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები და ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მოვიქცეთ ღირსეულად“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან მთავრობის ადმინისტრაციაში.