ივანე მაჭავარიანი - ჩემი თხოვნაა, შევინარჩუნოთ საღი აზრი, 400 ლარიანი პენსია და მსგავსი აბსურდული მოსაზრებები საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენ განვითარებას
ივანე მაჭავარიანი - ჩემი თხოვნაა, შევინარჩუნოთ საღი აზრი, 400 ლარიანი პენსია და მსგავსი აბსურდული მოსაზრებები საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენ განვითარებას

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა მოითხოვს თავის მსხვერპლს და ვერ ვცდებით პოპულიზმს, ჩემი თხოვნაა, შევინარჩუნოთ საღი აზრი, წარმოუდგენელია ისეთი იდეის ან ინიციატივის გატარება, რომელიც მნიშვნელოვნად დაარღვევს  ჩვენს მაკროეკონომიკურ ჩარჩოს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა, სადაც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა მაჩვენებელში საინტერესო გაუმჯობესება ფიქსირდება, არა მარტო რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი.

„ჩვენი რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე, როგორც სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნის, როგორც ფისკალურად პასუხისმგებლიანი ქვეყნის, ძალიან მაღალია. ამიტომ ჩემი თხოვნაა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა მოითხოვს თავის მსხვერპლს და ასე თუ ისე, ვერ ვცდებით ამ პოპულიზმს, ჩემი თხოვნაა, მაინც შევინარჩუნოთ საღი აზრი, წარმოუდგენელია რამე ისეთი იდეის ან რამე ისეთი ინიციატივის გატარება, რომელიც მნიშვნელოვნად დაარღვევს ჩვენს მაკროეკონომიკურ ჩარჩოს, ის, რაც ჩვენ ამ გზიდან, ამ ჩარჩოდან ამოგვაგდებს და პრაქტიკულად გადაგვიყვანს აბსოლუტურად სხვა გზაზე.  საშუალო და გრძელ ვადაში ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, კრიტიკა ბევრ საკითხზე შეიძლება, თუმცა ავანტურისტული მოწოდებები, ქვეყნის განვითარებას მთლიანად საფრთხის დააყენებს.

„რამდენიც გნებავთ ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, დარწმუნებული ვარ, არსებულ ბიუჯეტში უამრავი  ისეთი ადგილი იქნება, სადაც შეიძლება გაუმჯობესება, მაგრამ აბსურდული და ისეთი მოსაზრებები, როგორიც არის 400 ლარიანი პენსია და მსგავსი ავანტურისტული მოწოდებები, პრაქტიკულად მთლიანად საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენ განვითარებას. ეს არის ჩემი ექსპერტული და მოკრძალებული თხოვნა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის სესიაზე.