ივანე მაჭავარიანი - ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, თუმცა ეს სიღარიბის დაძლევისა და უმუშევრობის მკვეთრად შემცირებისთვის საკმარისი არ არის
ივანე მაჭავარიანი - ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, თუმცა ეს სიღარიბის დაძლევისა და უმუშევრობის მკვეთრად შემცირებისთვის საკმარისი არ არის

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ბოლო წლებში, ყოველწლიურად საშუალოდ 40 ათასი ადამიანით იზრდება, თუმცა ეს ზრდა არ არის საკმარისი, რომ სიღარიბე დაიძლიოს და უმუშევრობის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

მისი თქმით, საქართველოში სახელმწიფო ინვესტიციები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში საშუალოდ 8 პროცენტის ფარგლებშია, ხოლო კერძო ინვესტიციები მშპ-ს 30 პროცენტს აღწევს.

„ბოლო წლებში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 40 ათასი ადამიანით იზრდება ყოველწლიურად, თუმცა ეს ზრდა არ არის საკმარისი, რომ სიღარიბე დაიძლიოს და უმუშევრობის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, აუცილებელია, ჩვენი რესურსები მივმართოთ ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, უმუშევრობა საქართველოშ ისტორიულ მინიმუმზეა, თუმცა, ეს მაჩვენებელი თვითკმაყოფილების საბაბს არ იძლევა.

„აღსანიშნავია, რომ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, თუმცა ეს არ იძლევა თვითკმაყოფილების არანაირ საბაბს, მაგრამ აუცილებელია იმის დანახვაც, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით და ეს ტენდენციები ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე.