ივანე მაჭავარიანი - ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმები საერთაშორისო რეიტინგებში აისახა
საქართველოს ჰყავს რეფორმატორი მთავრობა, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმები საერთაშორისო რეიტინგებში აისახა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.
მან საერთაშორისო რეიტინგები მიმოიხილა, რომელშიც საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა.
„ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ, მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ რეიტინგში კიდევ გავაუმჯობესეთ ჩვენი პოზიციები და მეექვსე ადგილზე გადავინაცვლეთ. საქართველო არის ევროპაში მეორე ადგილზე დანიის შემდეგ. მეექვსე ადგილი ეს არის ელიტური ადგილი, რომელიც საერთაშორისო ინვესტორების მსოფლიო რუკაზე საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტერესის ცენტრად აქცევს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ამასთან, მისი თქმით, მმართველობის ინდიკატორებში საქართველოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აქვს.
„მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგში ვუსწრებთ არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყანას, არამედ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასაც – სერბეთი, რუმინეთი ბულგარეთი, მონტენეგრო. კორუფციის კონტროლის რეიტინგში ვუსწრებთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ხორვატია, რუმინეთი. რეგულირების ხარისხის რეიტინგში 39-ე ადგილზე ვართ და ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: პოლონეთი, ბულგარეთი, სლოვენია, რუმინეთი, ხორვატია. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რეიტინგი – საქართველო გადასახადების სიმცირის მიხედვით არის მსოფლიოში მე-3 ადგილზე“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, აღნიშნული არის ძალიან დიდი მიღწევაა.
„გადასახადების სიმცირე იზომება მსოფლიო ბანკის მთლიანი გადასახადების განაკვეთის ინდიკატორით. ჩვენ ამ რეიტინგში გვისწრებს ორი მცირე სახელმწიფო ბრუნეი და ვანუატუ. თუ არ ჩავთვლით ამ მცირე სახელმწიფოებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე. ყველა ამ მიმართულებით შედეგები თავისით არ მოსულა. ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მან ღია ბიუჯეტის ინდექსზეც გაამახვილა ყურადღება, რამდენად გამჭვირვალედ მართავს მთავრობა სახელმწიფო ფინანსებს. მინისტრის თქმით, ამ რეიტინგში საქართველომ 82 ქულით მსოფლიოში მე-5 ადგილი დაიკავა. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოზე უკეთესი შეფასება მხოლოდ შვედეთს და ნორვეგიას აქვთ.