ივანე მაჭავარიანი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა
ივანე მაჭავარიანი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ჯენერ ედელმანსა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს, მაგდა მაღრაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქმიანობა საქართველოში მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

ივანე მაჭავარიანმა MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს მთავრობას განათლების სფეროში უწევს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების სფერო და მისი გაუმჯობესება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ივანე მაჭავარიანმა სტუმრებს განათლების სექტორში მთავრობის მიერ დაგეგმილ  რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ  პარტნიორობა ქართულ მხარესთან კვლავ აქტიურად გაგრძელდება და ორმხრივად ხელსაყრელი გახდება.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ის გარემოება, რომ ფინანსთა სამინისტრომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერის ფარგლებში, გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ქართველ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებით სწავლობენ, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მისიაა ქვეყანაში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა. მისი პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის მეშვეობით ხორციელდება.

2014-2019 წლებისთვის გამოყოფილი მეორე კომპაქტი ქვეყნის განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM) დისციპლინებში, რაც ხელს უწყობს უმუშევრობის დაძლევას, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წახალისებას.

ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.