ივანე მაჭავარიანი - აშშ-სთან საქართველოს ღრმა ურთიერთობები მატერიალიზდება დადგენილებებში, რასაც კონკრეტული რესურსების გამოყოფა მოჰყვება
ივანე მაჭავარიანი - აშშ-სთან საქართველოს ღრმა ურთიერთობები მატერიალიზდება დადგენილებებში, რასაც კონკრეტული რესურსების გამოყოფა მოჰყვება

საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები ასე ღრმა არასოდეს ყოფილა, ეს მატერიალიზდება დოკუმენტებში, რასაც საქართველოსთვის დახმარებების გამოყოფა მოჰყვება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა აშშ-ის სენატის 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი.

მინისტრის თქმით, აშშ-ის კონგრესი ხშირად ეხმარებოდა საქართველოს თუმცა, ახლა ურთიერთობები ხარისხობრივად გაცილებით მაღალ დონეზეა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. ხშირად ხდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხრიდან ჩვენი დახმარება, თუმცა ახლა ჩვენი ურთიერთობები ხარისხობრივად სხვა დონეზეა ასული. არასდროს ისე ახლოს არ ვყოფილვართ აშშ-თან. ჩვენი ურთიერთობები ასე ღრმა არასოდეს ყოფილა. სწორედ ეს ყველაფერი მატერიალიზდება, რეალურად ხორცს ისხამს ასეთ დადგენილებებში, რასაც მოჰყვება კონკრეტული დახმარებები და კონკრეტული რესურსების გამოყოფა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

აშშ-ის სენატმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა. „აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის პრიორიტეტებია გაწერილი. დოკუმენტში საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზეც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საქართველო აშშ-ის ღირებული პარტნიორია და არაერთხელ გამოხატა ორი ქვეყნის საერთო ინტერესების წინ წაწევისადმი ერთგულება, მათ შორის ქართველი ჯარისკაცების ნატო-ს მისიებში მონაწილეობის გზით“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ევროპის შეკავების ინიციატივა“ საქართველოს აძლევს საშუალებას, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს აშშ-თან და ნატო-სთან და ამავე დროს განამტკიცოს თავდაცვისუნარიანობა“. კანონპროექტში ასევე წერია რომ, საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს ინიციატივაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს აშშ-სთან და ნატო-სთან ურთიერთობისთვის, ასევე რეგიონში უფრო მშვიდი გარემოს შექმნისთვის.