ივანე მაჭავარიანი - არსებობს ყველა წინაპირობა, რომ სტიმულირების მექანიზმებით, რომელსაც პარტნიორებთან ერთად ვამუშავებთ, განვითარების ტემპებს მალე დავუბრუნდეთ
ივანე მაჭავარიანი - არსებობს ყველა წინაპირობა, რომ სტიმულირების მექანიზმებით, რომელსაც პარტნიორებთან ერთად ვამუშავებთ, განვითარების ტემპებს მალე დავუბრუნდეთ

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ არსებობს ყველა წინაპირობა სტიმულირების მექანიზმებით, რომელსაც პარტნიორებთან ერთად ვამუშავებთ, ძალიან მალე დავუბრუნდეთ განვითარების იმ ტემპებსა და ნიშნულს, რომელიც გვქონდა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, ეროვნულ ბანკში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, რომელზეც  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, სელიმ ჩაკირმა კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენასთან გასამკლავებლად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, იგეგმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ზრდა. მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები სხვა დონორ ორგანიზაციებთან, საიდანაც ასევე შესაძლებელი იქნება სერიოზული დახმარების მობილიზება.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ კრიზისულ ვითარებას ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ მომზადებული შეხვდა.  მოგეხსენებათ, ჩვენთვის გასული ფისკალური წელი საკმაოდ წარმატებული იყო. შარშან, ჩვენ გვქონდა ისტორიულად მაღალი გადაჭარბება საგადასახადო შემოსავლებში. ამის ხარჯზე შევქმენით საკმაოდ დიდი მოცულობის ფისკალური ბუფერები, რაც ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდა. დღეს, ამ კრიზისულ სიტუაციაში, გვაქვს შესაძლებლობა, გამოვიყენოთ აღნიშნული რეზერვები. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში, ჩვენ ვგეგმავთ საკმაოდ მოცულობითი მაკროეკონომიკური სტიმულირების პაკეტის წარდგენას“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ამავე დროს, ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელობას.

„დღეს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს მდგრადი.  ამ ეტაპზე, ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი მოქალაქეების მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ამ პანდემიის შეჩერებისა და საბოლოო ჯამში, მისი დამარცხებისკენ. კორონავიურსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო საკმაოდ კარგად გამოიყურება საერთაშორისო არენაზე და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.