ივანე მაჭავარიანი - არც სამართლებრივად, არც მორალურად ჩვენ არ ვგრძნობთ თავს დამნაშავედ და სუსტად ზაალ ჟვანიას საკითხზე
ივანე მაჭავარიანი - არც სამართლებრივად, არც მორალურად ჩვენ არ ვგრძნობთ თავს დამნაშავედ და სუსტად ზაალ ჟვანიას საკითხზე

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ არ იცნობს ზაალ ჟვანიასთან დაკავშირებულ საკითხს. მან აღნიშნულ საკითხზე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვას უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ზაალ ჟვანიამ თავი შესწირა სამართლიანობისათვის ბრძოლას“. „კითხვა მაქვს, როდის აღდგება მისი ოჯახის ინტერესი, რომლის წევრებიც წინა ხელისუფლებამ დააპატიმრა“, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ თემაზე კომენტარი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს სთხოვა.

„ეს ქეისი, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ნაცნობია ჩვენთვის. ამ პიროვნებასთან დაკავშირებული საკითხები ვიცით კარგად და დაახლოებით 20 მილიონზე მეტი ეპატია. 23 მილიონი ამნისტიის შემთხვევაში იმ კომპანიას, რომელსაც წარმოადგენდა ეს ადამიანი, ჩამოეწერა და ამის შემდგომ, რაღაც პრეტენზია ჰქონდა დამატებით, რომელიც არსად არ უფიქსირდება შემოსავლების სამსახურში. ჩვენ ეს ვალდებულება მის მიმართ, რა საბუთებიც წარმოადგინა მაშინ, დეტალურად გავიარეთ და შემოსავლების სამსახური არ დაეთანხმა მათი წარმოშობის ვალიდურობას. ისე, რომ იცოდეთ, 23 მილიონამდე არის ნაპატიები და იმ პერიოდში, მაგალითად, ეს თანხა აღიარებული რომ ყოფილიყო, შესაბამისად ყველა ვარიანტში, 23 მილიონის ვალდებულება, იმ ორ თუ სამ მილიონს, თუ მეხსიერება არ მღალატობს, რაზეც პრეტენზია ჰქონდა, ის „შეუჭამდა“. ამიტომ, მე მგონი, არც სამართლებრივად და არც მორალურად ჩვენ არ ვგრძნობთ თავს დამნაშავედ და სუსტად. ეს ქეისი მე კარგად მახსოვს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ლევან გოგიჩაიშვილი.

„ის, რა სიტყვაც თქვა, თქვენ ვისაც მიეცით სიტყვა, ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი, მე ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები ადამიანებს წინ დახვდებათ. ეს ადამიანი მთელი ოჯახით იყო დაპატიმრებული და მართლა სირცხვილი თქვენს ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყანაში დაამთავრეთ სამართლიანობის აღდგენა“, – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა პრემიერს.