ივანე მაჭავარიანი - არასამართლიანი წესების გამო დაზარალებულ მსესხებელთა სია წარსულს უნდა ჩაბარდეს
ივანე მაჭავარიანი - არასამართლიანი წესების გამო დაზარალებულ მსესხებელთა სია წარსულს უნდა ჩაბარდეს

ინიციატივა არის უპრეცედენტო და ძალიან დიდი ნაბიჯი სოლიდარობისკენ,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვალების განულება არის ერთჯერადი აქტი. წლების მანძილზე არასწორი წესების გამო დაზარალებულ მსესხებელთა სია კი, წარსულს უნდა ჩაბარდეს.

„წლების განმავლობაში შექმნილი არასწორი და არასამართლიანი წესების შეცვლასთან ერთად, წარსულს უნდა ჩავაბაროთ ამ წესების დროს დაზარალებული ადამიანების სიაც, ყველაფერი ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ზოგი ადამიანი ამბობდა, რომ აღებული ჰქონდა 1500 ლარი და გაუხდა 44 ათასი. ზუსტად ასეთი წარმოუდგენელი ჯარიმები და არარეალისტური პროცენტების ოდენობა იყო. საფინანსო ორგანიზაციებიც ხვდებოდნენ, რომ ამ ფულს ვერ ამოიღებდნენ. უბრალოდ, ზრდიდნენ და ზრდიდნენ ჯარიმებს. ამის მერე კი, სასამართლო მორიგებები ხდებოდა. საბოლოოდ ისევ დაბალი თანხაზე რიგდებოდნენ, მაგრამ თავისთავად ეს არ იყო ჯანსაღი მოვლენა. ზუსტად ეს უნდა ჩავაბაროთ წარსულს“,-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა პროექტში სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„გირჩევთ, თვალყური ადევნოთ ვებგვერდს. პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მატულობს როგორც ორგანიზაციების, ასევე იმ ბენეფიციართა რიცხვი, ვისაც ვალი ჩამოეწერება. შესაბამისად, რეალურ დროში  ყველა ის ორგანიზაცია ჩაერთვება, ვისთანაც წინასწარი მემორანდუმი გაფორმდა“,- განაცხდა ივანე მაჭავარიანმა.