ივანე მაჭავარიანი არ გამორიცხავს, რომ საექსპორტო სიაში მარიხუანა ერთ-ერთი წამყვანი გახდეს
ივანე მაჭავარიანი არ გამორიცხავს, რომ საექსპორტო სიაში მარიხუანა ერთ-ერთი წამყვანი გახდეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ მარიხუანას ექსპორტიდან საქართველო საკმაოდ სოლიდური შემოსავალს მიიღებს.

მისივე თქმით, ამ ინიციატივაზე მუშაობის პერიოდში მთავრობა მრავალ ექსპერტს შეხვდა და მრავალი დისკუსია გაიმართა.

„არის რამოდენიმე ქვეყნის, განსაკუთრებით წარმატებული მაგალითები, პრეცედენტები. ისრაელი, კანადა, როგორც ვიცი, ერთ-ერთი წამყვანია ამ სფეროში. სხვათა შორის, დღესაც იყო ამ თემაზე საუბარი, რა ციფრი, რა შეიძლება იყოს მოლოდინი. არის რამოდენიმე სახის პროგნოზი. არ მინდა დავასახელო ციფრი, მაგრამ ეს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი, საკმაოდ სოლიდური. არ გამოვრიცხავ, რომ საექსპორტო სიაში ერთ-ერთი წამყვანი გახდეს. ამას დრო უნდა, შევხედავთ. ეს ბაზარი ძალიან მზარდია. სამედიცინო მიზნებისთვის სულ უფრო და უფრო მეტად მოიხმარება, ხდება აბსოლუტურად ახალი პროდუქტების შექმნა ფარმაცევტიკაში, კოსმეტოლოგიაში. შესაბამისად, ბევრ რამეს განაპირობებს ტექნოლოგიები და ამ სფეროში მიმდინარე რევოლუციაც, ასე რომ დავარქვათ. ამიტომ, მგონი, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. უბრალოდ არასერიოზული იქნება დღეს ციფრი, მაგრამ ეს რომ სოლიდური და მატერიალური ციფრი არ იყოს, ამას არ წამოვიწყებდით“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ამ მიმართულებით სახელმწიფო ფსონს ადგილობრივ ბიზნესმენებზე დებს თუ არა, მინისტრმა განაცხადა, რომ ქართულ ბიზნესებზეა საუბარი.

„ლიცენზირების ძალიან მკაცრი პირობები იქნება, თუ ვისზე უნდა გავრცელდეს. ამ შემთხვევაში, ბევრი კრიტერიუმია შიგნით ჩადებული და რასაკვირველია, ვიხელმძღვანელებთ სწორედ ადგილობრივი წარმოების წახალისებისა და ბიზნესისთვის“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

დატოვე კომენტარი