ივანე მაჭავარიანი - აქციზის გადასახადის ადმინისტრირება არსებითად გაუმჯობესდა, თუმცა სირთულეები კვლავ არის
ივანე მაჭავარიანი - აქციზის გადასახადის ადმინისტრირება არსებითად გაუმჯობესდა, თუმცა სირთულეები კვლავ არის

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შარშან თამბაქოს აქციზის ადმინისტრირება გაუმჯობესდა, რაც აქციზიდან მიღებულ შემოსავლებშიც აისახა.

მინისტრის ინფორმაციით, 2019 წელს უაქციზო სიგარეტის შენახვის 1500-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა, ამოღებულია 470 ათასზე მეტი კოლოფი სიგარეტი. ამასთანავე, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ მხოლოდ თამბაქოს პროდუქტიდან აქციზის სახით მიღებულმა შემოსავლებმა 782 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

„აქციზის განაკვეთის ზრდასთან ერთად, ბუნებრივი პროცესია არალეგალური იმპორტის რისკებიც ზრდაც, ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს. თუმცა მნიშვნელოვანია, რამდენად მართვადია გაზრდილი რისკები და ფისკალურად რამდენად გამართლებული. გასულ წელს, არალეგალური თამბაქოს გამოვლენის მიზნით მნიშვნელოვანად გააქტიურდა ადმინისტრაციული და სამართალდამცავი სტრუქტურების ღონისძიებები. მიღწეული შედეგებით, ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ სახეზეა აქციზის გადასახადის ადმინისტრირების არსებითი გაუმჯობესება. ამ მიმართულებით გარკვეული სირთულეები კვლავ შეინიშნება, განსაკუთრებით ელექტროსიგარეტებთან დაკავშირებით. ჩვენი პირველადი დათვლებით, 20 მილიონამდე ლარს კარგავს ბიუჯეტი. ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ შედეგს’’, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

2019 წლიდან ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადი გათანაბრდა. ამასთანავე, გასახვევ თამბაქოზე (თუთუნი) აქციზის განაკვეთი 35 ლარიდან 60 ლარამდე გაიზარდა.

დატოვე კომენტარი