ივანე მაჭავარიანი - ანგელა მერკელის ისტორიული ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში გერმანიის მხარდაჭერის ცალსახა გამოხატულებაა
ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერის ჩამოსვლა, უდაოდ ხელს შეუწყობს ქართულ-გერმანული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და ახალ დონეზე გადასვლას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ანგელა მერკელის ისტორიული ვიზიტი საქართველოში გერმანიის მხარდაჭერის ცალსახა გამოხატულებაა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, გერმანია იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი.
„იმედს გამოვთქვამ, რომ ხანგრძლივი, მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოს განვითარებასა და წინსვლას, ასევე, რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.