ივანე მაჭავარიანი - 200 მილიონი ლარით ზრდის მიმართულებით წლევანდელი ბიუჯეტის კორექტირება მოხდება
ივანე მაჭავარიანი - 200 მილიონი ლარით ზრდის მიმართულებით წლევანდელი ბიუჯეტის კორექტირება მოხდება

გაზაფხულზე პარლამენტს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები წარედგინება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ბიუჯეტის მოცულობა დაახლოებით 200 მილიონით გაიზრდება.

„მინდა, სიხარულით გითხრათ, რომ უკვე გვაქვს თებერვლის მონაცემები, ანუ იანვრის ბრუნვების, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ არანაკლებ 200 მილიონით, ვფიქრობ, მეტითაც, გაზაფხულზე შემოვალთ კორექტირებით ბიუჯეტის ზრდისკენ, რადგან შემოსავლებმა ჩვენს მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა“ ,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ ემუქრება.

„ზუსტად ის მთავარი შემოტრიალება, რაც შემოსავლების სამსახურის, რისკების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით მოხდა, გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ საქართველოს ბიუჯეტს 2020 წელს საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს ეკონომიკას პოლიტიკური არასტაბილურობა საშუალოვადიან პერსპექტივაში უქმნის საფრთხეს, მაგრამ დღეს პრაქტიკულად საკუთრივ ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ ექნება. თუმცა, თუ ინვესტორი ვანერვიულეთ და არასტაბილურობის  განცდა მივეცით, ეს შემდეგ წლებში დაგვარტყამს . თუ მაგალითად, დაგეგმილი ინვესტიცია არ განხორციელდა, არ გაიხსნა კომპანია, საკუთრივ ამ წლის ბიუჯეტს კი არ დააზიანებს, მაგრამ შემდეგი წლების განვითარებას ერთმნიშვნელოვნად შეაფერხებს, მაგრამ ბიუჯეტს საფრთხე არ ემუქრება“ ,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა,

ამასთან, მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, გაზრდილი ბიუჯეტიდან 100 მილიონი მუნიციპალიტეტებზე მიიმართება.

„გაზრდილი თანხიდან სულ მცირე, 100 მილიონს ჩვენ მუნიციპალიტეტებისთვის ვვარაუდობთ. საკმაოდ სერიოზული კორექტირებით შემოვალთ და ეს მხოლოდ ფრთხილი დაგეგმვის გამო, უბრალოდ, უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ 2019 წლის მეორე ნახევრიდან დაწყებული ზრდის ტენდენცია, ისევე დამაჯერებლად გაგრძელდებოდა 2020-შიც. იანვარ-თებერვლის მონაცემები და შესრულება ამას გვეუბნება. ვფიქრობ, დღეს არსებული ყველა წინასწარი მონაცემიდან გამომდინარე, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით იანვარი საკმაოდ შთამბეჭდავი უნდა იყოს“ ,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.