ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირების შემთხვევაში, მეორე დოზის გაკეთება გამოჯანმრთელებიდან ოთხი თვის შემდეგ არის შესაძლებელი
ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირების შემთხვევაში, მეორე დოზის გაკეთება გამოჯანმრთელებიდან ოთხი თვის შემდეგ არის შესაძლებელი

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ ადამიანი კორონავირუსით თუ დაავადდება, მეორე დოზის გაკეთებას ის გამოჯანმრთელებიდან ოთხი თვის შემდეგ შეძლებს.

მისი თქმით, საქართველოში არსებული ვაქცინებიდან, პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, ყველაზე სწრაფი ეფექტი „ასტრაზენეკას“ აქვს, რადგან ორგანიზმი ანტისხეულების გამომუშავებას ორ-სამ კვირაში იწყებს.

„პირველ და მეორე დოზის გაკეთებას შორის დაინფიცირება დასაშვებია. პირველი დოზა გარკვეულ დაცვას იძლევა. პირველი დოზის შემდეგ რაღაც პერიოდი უნდა გავიდეს, ეს პერიოდი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ვაქცინა გაქვთ გამოყენებული. გამოყენებული თუ გაქვთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ორი-სამი კვირა უნდა გავიდეს, რათა თქვენს ორგანიზმში დაიწყოს ანტისხეულების გამომუშავება და კორონავირუსის წინააღმდეგ გარკვეული დაცვა გქონდეთ. შუალედი „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის არის 8-12 კვირა.

დაცვის პროცენტი რეალურად არსებობს, „ასტრაზენეკას“ პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაახლოებით 60-65 პროცენტია, განმეორებითი ვაქცინაციის შემდეგ მატულობს 86 პროცენტამდე.

ფაიზერის“ ან იგივე ჩინური ვაქცინის შემთხვევაში ორგანიზმი ორ-სამ კვირაში ანტისხეულების გამომუშავებას ვერ ასწრებს. ასე რომ, პირველი დოზის შემდეგ, უფრო „ფაიზერის“ შემთხვევაში შანსი იმის, რომ თქვენ მოკლე პერიოდის განმავლობაში დაუცველი იყოთ, რა თქმა უნდა არსებობს. ასეთი შანსი ჩინური ვაქცინის შემთხვევაშიც არსებობს.

დაინფიცირების შემთხვევაში იძულებული ხართ, ჩაამთავროთ ამ ავადობის კურსი, გადაიტანოთ კორონავირუსი და 4 თვის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიკეთოთ ვაქცინა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, ცალსახა მითითება ჯერ არ არსებობს, თუმცა უმჯობესია, ასეთმა ბენეფიციარმა 4 თვის შემდეგ ვაქცინის კვლავ ორი დოზა გაიკეთოს.

კორონავირუსის გადატანა და ვაქცინის ერთი დოზის გაკეთება საკმარისი არ იქნება, რომ ეს გაძლევთ მყარ იმუნიტეტს. გამოდის, რომ ვაქცინა გაიკეთე, კორონავირუსი დაგემართა და კიდევ გაიკეთე, ანუ სამჯერადი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.