ივანე ჩხაიძე - მას შემდეგ, რაც ქვეყანაში წლის ბოლომდე ვაქცინაციის პროცესი გეგმის მიხედვით დასრულდება, 2022 წლისთვის შესაძლებელია, რომ ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე
ივანე ჩხაიძე - მას შემდეგ, რაც ქვეყანაში წლის ბოლომდე ვაქცინაციის პროცესი გეგმის მიხედვით დასრულდება, 2022 წლისთვის შესაძლებელია, რომ ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში წლის ბოლომდე ვაქცინაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, ისე, როგორც ჩვენი ეროვნული გეგმით არის განსაზღვრული, 2022 წლისთვის შესაძლებელია, ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, – ამის შესახებ  იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ში „ფაიზერის“ ვაქცინით ბავშვებში ჩატარებულმა კვლევამ 100-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა.

„ჩვენი სტატისტიკით, საქართველოში ინფიცირებულებიდან ბავშვების საერთო რაოდენობა ცხრა-ნახევარ, ათ პროცენტს შეადგენს. მომართვიანობაც ტალღისებურია. კორონავირუსის მეორე და მესამე ტალღის დროს მომატებული იყო, თუმცა ეს არ აისახა მძიმე შემთხვევათა მატებაში, იმდენად მძიმე არ იყო, რომ ლეტალური გამოსავალი დამდგარიყო. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, ისე, როგორც ჩვენი ეროვნული გეგმით არის განსაზღვრული, უკვე 2022 წლისთვის შესაძლებელია, ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე.

უკვე ორმა ქვეყანამ, კანადამ და აშშ-მა გამოაცხადეს 12 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება. ასევე, ანალოგიური ცვლილება შეიტანა „მოდერნამ“, რომელმაც დაასახლა იგივე ასაკობრივი ჯგუფი. აშშ-ში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 2 300 ბავშვი მონაწილეობდა. კვლევისას გამოყენებული იყო „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელმაც აჩვენა 100-პროცენტიანი ეფექტურობა. ეს ძალიან დამაიმედებელი შედეგია და ასეთ შემთხვევაში, ჩვენც შეიძლება, მივიღოთ ის სცენარი, რომელიც განიხილებოდა. სავსებით შესაძლებელია, ვაქცინაცია დაშვებული და მისაღები იყოს ბავშვთა ასაკშიც, ოღონდ არ იქნება ამ წლის განმავლობაში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

რაც შეეხება რეინფიცირების შემთხვევებს, როგორც ივანე ჩხაიძე ამბობს, ბავშვებში კორონავირუსის განმეორებით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ამასთან, ივანე ჩხაიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვებში კოვიდი იშვიათი და მსუბუქი მიმდინარეობის არის.

„რეინფიცირების არც ერთი შემთხვევა ბავშვებში ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, მათი ინფიცირება შედარებით იშვიათია, ვინაიდან ამას გარკვეული საფუძველი აქვს. მათ არ აქვთ მიმღები ამ ვირუსის, ეს რეცეპტორი ბავშვებში ნაკლებია, შესაბამისად, ინფიცირებაც ნაკლებია. ბავშვები ნამდვილად ავადდებიან უფრო იშვიათად, მსუბუქად, უფრო ნაკლებად ხვდებიან სტაციონარში და ნაკლებია გარდაცვალების მაჩვენებელი. ერთადერთი, შტამებმა, რომლებსაც  ვეძახით ბრიტანულს, ინდურს, ცოტათი გადმოწია ინფიცირების საშუალო ასაკი. თუ ჩინური შტამით ძირითადად ვირუსის გავრცელების პიკი 40-45 წლის ჯგუფებში იყო, ახლა თანაბრად არის განაწილებული ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ახალგაზრდები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული მდგრადობით ამ შტამების მიმართ. ასე რომ, გაახალგაზრდავდა სწორია, მაგრამ ეს არ შეხებიათ ბავშვებს. ბავშვებში კოვიდი ისევ იშვიათია და ისეთივე ნაკლები სიხშირით, როგორიც იყო ჩინურის შემთხვევაში“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.