ივანე ჩხაიძე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ავტორიზაციის გაჭიანურების შემთხვევაშიც, „სინოფარმით“ ვაქცინაციას დასაშვებად მიიჩნევს
ივანე ჩხაიძე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ავტორიზაციის გაჭიანურების შემთხვევაშიც, „სინოფარმით“ ვაქცინაციას დასაშვებად მიიჩნევს

საქართველოში შესაძლოა, ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ გამოყენება მანამდე დაიწყოს, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პრეპარატის განხილვას დაასრულებს. საქართველოს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „სინოფარმის“ ავტორიზების საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის საფუძველზე გაახანგრძლივებს.

მისი თქმით, ასეთი სცენარის არსებობა, პრეპარატის განხილვის პროცესს სულ მცირე ერთი თვით გახანგრძლივებას გამოიწვევს, რაც საქართველოსთვის საკმაოდ დიდი დროა. ამიტომ, ჩხაიძე დასაშვებად მიიჩნევს „სინოფარმის“ გამოყენებას, ვინაიდან მას უკვე აქვს უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის აღიარება.

„ეს არ არის საქართველოს მოგონილი, ეს არის  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინადადება, რომ ქვეყნებმა ის ვაქცინა გამოიყენონ, რომელსაც ექნება რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის აღიარება. აქ არის ლაპარაკი იმ ქვეყნების ჩამონათვალზე, რომელსაც ეს ორგანიზაცია საიმედო ქვეყნებად აღიარებს. ამ საიმედო ქვეყნების ჩამონათვალში შედის უნგრეთი. შეგვიძლია, განვიხილოთ ორი სცენარი. ერთი არის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზაიცია აძლევს ვაქცინას ავტორიზაციას ​„სინოფარმს“, მაშინ ყველა კითხვა იქნება მოხსნილი. მეორე სცენარია, როდესაც ავტორიზაციას არ აძლევს, მაგრამ გადადებს კიდევ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით, რაც ავტომატურად გულისხმობს სულ მცირე ერთი თვით განხილვის გადადებას. გადადების შემთხვევაში, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ავამოქმედოთ ის მარეგულირებელი აქტი, რომელიც საქართველოში არსებობს და, რომელიც უშვებს ჩინური ვაქცინის გამოყენებას რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაციის შემთხვევაში. ჩვენ იურიდიული უფლება ამის გვაქვს. დასაკარგი ერთი თვე ნამდვილად არ გვაქვს. მით უმეტეს, გქონდეს ქვეყანაში 100 000 დოზა ვაქცინა და იყოს ადამიანი, რომელსაც უნდა ამ ვაქცინის გამოყენება და შენ ხელოვნურად ბარიერს ქმნიდე, ვფიქრობ, არასწორია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძე იმ მოტივებსაც განიხილავს, რა შემთხვევაში არ გამოიყენებს საქართველო „სინოფარმის“ ვაქცინას.

„ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენ არ გამოვიყენოთ ეს ვაქცინა იქნება, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ვაქცინის ეფექტურობაში ან უსაფრთხოებაში ეჭვს შეიტანს და  გამოსცემს ამ სარეკომენდაციო სავალდებულო წერილს, სადაც იქნება დაფიქსირებული – არ გამოიყენოთ ჩინური ვაქცინა ამისა და ამის გამ. ამასთან, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ამ ვაქცინამ უკვე ბევრი მარეგულირებლისა და მკაცრი ქვეყნის შემოწმება გაიარა“, – განაცხადა ჩხაიძემ.