ივანე ჩხაიძე - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი კრიტიკული იქნება იმუნიზაციის გეგმის შესრულების თვალსაზრისით, ეს არის პერიოდი, როცა ჩვენ უნდა მოვახერხოთ დღეში 12 000-დან 20 000-მდე ადამიანის აცრა
ივანე ჩხაიძე - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი კრიტიკული იქნება იმუნიზაციის გეგმის შესრულების თვალსაზრისით, ეს არის პერიოდი, როცა ჩვენ უნდა მოვახერხოთ დღეში 12 000-დან 20 000-მდე ადამიანის აცრა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ მძიმე რჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დასვენების დღეებში ნაკლები ინფიცირებული გვყავს, გუშინდელი მონაცემი მაღალია, 521 შემთხვევააა და ეს საქართველოსთვის მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ მაისის პირველ კვირასთან შედარებით, შემთხვევები შემცირებულია, შემცირების ტემპი არ არის ისეთი, რასაც ველოდით და რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე შეიძლება მნიშვნელოვნად ჩაითვალოს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალია, რაც ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების აუცილებლობას ადასტურებს.

„79 000 ადამიანია ვაქცინირებული ქვეყანაში. ჩვენი გეგმა სულ მცირე 1 600 000 ადამიანის ვაქცინაციას გულისხმობს. ეს რიცხვი ძალიან დაბალია. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჯერჯერობით არ მიმდინარეობს იმ ტემპით, რაც გვჭირდება, თუმცა ამის უკან ობიექტური საფუძველია. ჯერ არ გვაქვს ქვეყანაში ვაქცინების ის რაოდენობა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მასობრივი იმუნიზაციის დაწყებაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძის თქმით, მასობრივი იმუნიზაციის დაწყება იგეგმება ივლისში, როდესაც ქვეყანაში დიდი რაოდენობის ვაქცინების შემოტანას ელოდებიან.

„წლის ბოლომდე 3 400 000 დოზა სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინა შემოვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვაქცინებიდან ყველაზე მეტი რაოდენობა არის „ფაიზერი“ – 1 მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა. ამ ვაქცინის მიმართ მოლოდინი ყველაზე მაღალია. ამიტომ, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეები კრიტიკული იქნება იმუნიზაციის გეგმის შესრულების თვალსაზრისით.ეს არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ არა 3 000, 4 000 და 5 000 ადამიანის ვაქცინაცია უნდა მოვახერხოთ, არამედ ვაქცინირებული უნდა იყოს 12 000,15 000, 20 000 ადამიანი.

ამისთვის მზადება დაწყებულია. ის ცენტრები, რომლებიც განსაზღვრულია, უკვე მობილიზებულია. ჰუალინგის ტერიტორიაზე სამშაბათიდან ფუნქციონირებას იწყებს ცენტრი, რომელსაც შეეძლება ყოველდღიურად 3 000 ადამიანის ვაქცინაცია.

ასეთივე ცენტრის ჩამოყალიბებაა განსაზღვრული ექსპო ჯორჯიის ტერიტორიაზე. ეს იქნება გადამწყვეტი მომენტი. თუ მოვახერხებთ ამ რაოდენიბის ადამიანების ვაქცინაციას, მაშინ უკვე ოპტიმისტურად ვიქნებით განწყობილი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

რაც შეეხება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას, ჩხაიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკორდინაციო საბჭო.

„წინასწარი განცხადებები რაც კეთდებოდა, მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია, გადაადგილებაზე შეზღუდვა მთლიანად მოიხსნას. მეოთხე ტალღის ერთ ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს სწორედ შეზღუდვების მინიმალური ან საერთოდ არ არსებობა, მობილობის გაზრდა, ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა. განსაკუთრებით ეს ეხება სარესტორნო ბიზნესს, აუცილებლად გამოიწვევს შემთხვევების მატებას. მთავარია, როგორ შევხვდებით ამ სეზონს. თუ მოვახერხებთ, რომ აგვისტომდე მეტი ადამიანი აიცრას,მაშინ შესაძლებელი იქნება, მეოთხე ტალღა არ იყოს ისეთი მძიმე, როგორც იყო მესამე ტალღა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დატოვე კომენტარი