ივანე ჩხაიძე - იანვრის შემდეგ მოსალოდნელია გრიპის ვირუსის შემთხვევების მატება
ივანე ჩხაიძე - იანვრის შემდეგ მოსალოდნელია გრიპის ვირუსის შემთხვევების მატება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ იანვრის შემდეგ მოსალოდნელია გრიპის ვირუსის შემთხვევების მატება.

ივანე ჩხაიძე მშობლებს ურჩევს, შვილები თავშეყრის ადგილებს მოარიდონ და აცხადებს, რომ პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეკემბრის პიკმა გადაიარა, ტენდენცია შემცირებისკენ არის, მაგრამ ბოლო წლების სტატისტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ორი პიკი გვქონდა, დეკემბერ-იანვარსა და თებერვალ-მარტში. მაინც ველოდებით იანვრის შემდეგ გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას. გრიპის პრევენციისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია, რადგან ვაქცინის შეყვანიდან ორი კვირის შემდეგ იწყებს ორგანიზმი ანტისხეულების გამომუშავებას, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გვაძლევს შესაძლებლობას, თავიდან ავიცილოთ მიმდინარე შემთხვევები“, – განაცხადა ივანე ჩხეიძემ.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ მოსალოდნელია გრიპის შემთხვევების მატება, სასურველია, მოქალაქეებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ.

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის ჩატარებიდან ორი კვირის განმავლობაში  შესაძლო პაციენტთან კონტაქტს მოერიდებიან, იანვარსა და თებერვალში გრიპით დაავადების შემთხვევას თავს აარიდებენ.