ივანე ჩხაიძე - გვაქვს რეგიონები, სადაც ვაქცინირებული ადამიანები თითზე ჩამოსათვლელი არიან, დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსის არსებობა არ იციან
ივანე ჩხაიძე - გვაქვს რეგიონები, სადაც ვაქცინირებული ადამიანები თითზე ჩამოსათვლელი არიან, დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსის არსებობა არ იციან

საქართველოში გვაქვს რეგიონები, სადაც ვაქცინირებული ადამიანები თითზე ჩამოსათვლელი არიან, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ჩხაიძის თქმით, ვაქცინაციის მხრივ, რეგიონებში მდგომარეობა კატასტროფულია.

„ჩემთვის მოულოდნელი იყო ის აქტიურობა, რაც დაფიქსირდა ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციისას. თბილისში „სინოფარმზე“ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ყველა ადგილი დაკავებულია. ჩემთვის მეორე ამოუხსნელი ფენომენია, რომ დღეს გვაქვს 73% – თბილისი, 9% – აჭარა და 9% – იმერეთი, საქართველოს დანარჩენ რეგიონებში კი, ვაქცინაციის მაჩვენებელი არის 2% და 1%-ზე ნაკლები. საქართველოში გვაქვს რეგიონები, სადაც თითზე ჩამოსათვლელია ვაქცინირებული ადამიანები.

15 მარტიდან დავიწყეთ ვაქცინაციის პროცესი. თუ ასე გაგრძელდა, ასეთი დისპროპორცია იქნება, გამოვა, რომ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მივიღებთ ძალიან დიდ ფენას ადამიანების, რომლებიც არიან დაცული და შესაბამისად, ეს ქალაქები ძალიან კარგად იქნებიან ამ მხრივ უზრუნველყოფილი უსაფრთხო გადაადგილებით და უსაფრთხო მოძრაობით, შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მარტო თბილისი, ბათუმი და ქუთაისის არ არის, რეგიონებში თუ ასეთივე ტენდენცია შენარჩუნდება, მაშინ ჩვენ ძალიან გაგვიძნელდება წლის ბოლოსთვის გამოვაცხადოთ, რომ საქართველოში მივიღეთ ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტი და შეგვიძლია, უკვე ვთქვათ, რომ პანდემია დამარცხებულია.

ასე რომ, რეგიონებში მდგომარეობა მართლაც კატასტროფულია. რომ გადახედოთ მართლაც ამ პროცენტულ განაწილებას, დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ საქართველოს რეგიოენებში საერთოდ არ იციან, რომ არსებობს კორონავირუსი, არ ეშინიათ კორონავირუსის, არ აპირებენ ვაქცინაციას, ეს ძალიან ცუდია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ივანე ჩხაიძემ.

დატოვე კომენტარი