ივანე ჩხაიძე - გამორიცხული არ არის, ინდური შტამი გახდეს დომინანტური, თუმცა შემთხვევების მატების ტემპი საქართველოში ნაკლები იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებში
ივანე ჩხაიძე - გამორიცხული არ არის, ინდური შტამი გახდეს დომინანტური, თუმცა შემთხვევების მატების ტემპი საქართველოში ნაკლები იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებში

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, ქვეყანაში ინდური შტამი დომინანტური გახდეს, თუმცა აღნიშნული შტამით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტემპი საქართველოში გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

მისივე თქმით, საქართველოში ამ ეტაპისთვის ინდური შტამით ინფიცირების 20 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა რეალურად შემთხვევების რაოდენობა მეტია.

„შესაძლებელია, საქართველოში მომდევნო თვეების განმავლობაში ინდური შტამის რაოდენობამ მოიმატოს, ასევე, თეორიულად გამორიცხული არ არის, რომ გახდეს დომინანტური, თუმცა მატების ტემპი ჩვენს ქვეყანაში გაცილებით ნაკლებია და ნაკლები იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ჩვენთან 20 შემთხვევის დაფიქსირება არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ 20 შემთხვევააა, შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება, თუმცა, ვფიქრობ, ჯერჯერობით ადრეა ამ პროგნოზის გაკეთება, რომ უახლოესი კვირების ან ერთი ორი თვის განმავლობაში გახდეს ინდური შტამი დომინანტური“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გარდა ამისა, ივანე ჩხაიძის განმარტებით, ინდური შტამისგან თავის დაცვის შესაძლებლობა ორჯერადი ვაქცინაციაა.

„ერთჯერადად აცრილებში ინდური შტამის გავრცლება მაინც მაღალი რჩება. ერთადერთი შესაძლებლობა, ინდური შტამის საწინააღმდეგოდ იყო დაცული, არის ორჯერადი ვაქცინაცია. თუ ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი 87 პროცენტია, ინდური შტამის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს 5-6 პროცენტით ნაკლები. ერთჯერადი ვაქცინაციის დროს უკვე განსხვავება 20-25 პროცენტია. ერთჯერადი ვაქცინაცია ინდური შტამისგან ვერ დაგვიცავს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

დატოვე კომენტარი