ივანე ჩხაიძე - ჩინური ვაქცინა არის კლასიკურ ტექნოლოგიაზე, მკვდარი ვირუსის ბაზაზე დამზადებული, შესაბამისად არ შეუძლია მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარება
ივანე ჩხაიძე - ჩინური ვაქცინა არის კლასიკურ ტექნოლოგიაზე, მკვდარი ვირუსის ბაზაზე დამზადებული, შესაბამისად არ შეუძლია მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარება

ყველა ის კვლევა, რომელიც დღემდე არის ჩატარებული ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანაში და 70 ათასზე მეტ მონაწილეზე, მიუთითებს ამ ვაქცინის მაღალ ეფექტურობას. სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა კვლევებში ეს მაჩვენებელი 76-87პროცენტია და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ვაქცინა, რომელმაც აჩვენა მძიმე შემთხვევებისგან 100 პროცენტიანი დაცვა, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ის მონაცემი, რომელიც დღეს არსებობს, მიუთითებს ვაქცინის მაღალ ეფექტურობაზე.

„ზოგადად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ეფექტურად განიხილავს ვაქცინას, რომლის დამცველობითი მაჩვენებელი 50 პროცენტს აღემატება. აქ ჩვენ საუბარი გვაქვს 76-87 პროცენტიან დაცვაზე, რაც არის აბსოლუტურად კარგი, მისაღები. ზუსტად ისეთივე მაჩვენებელია, როგორიც აქვს მაგალითად „ასტრაზენეკას“ ვაქცინას. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან ბევრი კოლეგა ელოდება ჩინურ ვაქცინას. მიზეზები ბევრია, ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს არის კლასიკურ ტექნოლოგიაზე დამზადებული ვაქცინა, რომელიც თავის დამზადების ფორმატში გულისხმობს ინაქტივირებულ, მკვდარი ვირუსის ბაზაზე დამზადებულ ვაქცინას,რომელსაც არ შეუძლია დაავადების გამოწვევა, შესაბამისად არ შეუძლია მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარება. მისი შედეგი გახლავთ იმუნიტეტის სტიმულირება, ანტისხეულების გამომუშავების ხელის შეწყობა, აქედან გამომდინარე თუ სხვადასხვა ვაქცინის შედარებით მაჩვენებელს, უსაფრთხოების თვალსაზრისით განვიხილავთ, შეიძლება, ჩინური ვაქცინა ჩამორჩებოდეს ეფექტურობაში „ფაიზერს“, რომელიც 95 პროცენტს გვიჩვენებს, სამაგიეროდ უსაფრთხოებისა და გვერდითი მოვლენების თვალსაზრისით ეს ვაქცინა გაცილებით უფრო ნაკლებ გვერდით მოვლენებთანაა დაკავშირებული ვიდრე დღემდე გამოყენებული სხვა ვაქცინები“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ექიმის თქმით, ჯანმო აპრილის ბოლოს ავტორიზაციის პროცესს სავარაუდოდ დაადასტურებს.

„დღემდე ეს ვაქცინა 90 მილიონამდეა გამოყენებული მსოფლიოში, 42 ქვეყანა იყენებს მას. პრაქტიკა მისი გამოყენების დიდია, გვერდითი მოვლენები დღემდე დაფიქსირებული, როგორც სამედიცინო ლიტერატურაში, ისე თვითონ კვლევებში არის მინიმალური და ვფიქრობ რომ ჩვენ ჩინური ვაქცინა ძალიან დაგვეხმარა ვაქცინაციის პროცესის კარგად წარმართვაში. ჩვენ მოლოდინი გვაქვს რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ჯანმომ ავტორიზაცია. ამ პერიოდში აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებების მომზადება, პერსონალის მომზადება, ეს პროცესი დაწყებულია, ასე რომ დიდი იმედი გვაქვს მაისის პირველი რიცხვებიდან ჩვენ უკვე ჩინურ ვაქცინასაც ჩავრთავთ ჩვენი ვაქცინების ჩამონათვალში“, – განაცხადა ჩხაიძემ.