ივანე ჩხაიძე - ჩემი ინფორმაციით, შეზღუდვებთან დაკავშირებით რადიკალური ცვლილება არ იგეგმება, მისაღები იქნებოდა, გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება დაგვებრუნებინა
ივანე ჩხაიძე - ჩემი ინფორმაციით, შეზღუდვებთან დაკავშირებით რადიკალური ცვლილება არ იგეგმება, მისაღები იქნებოდა, გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება დაგვებრუნებინა

ყველაზე მსუბუქი და მისაღები იქნებოდა პირბადის ტარების ვალდებულება დაგვებრუნებინა და პირბადის ტარება თუნდაც დახურულ სივრცეში მკაცრად კონტროლირებადი ყოფილიყო, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა პროფესორმა ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე: „შეზღუდვების შემსუბუქებიდან ერთ თვეში კორონავირუსის ახალი შემთხვევების საკმაოდ დიდი მატება გვაქვს, როგორ უნდა მოხდეს ამ ფონზე დაავადების სწრაფი გავრცელების შეკავება, როგორ ფიქრობთ, ისევ უნდა დადგეს თუ არა გარკვეული შეზღუდვების ამოქმედება დღის წესრიგში“, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, ამ მიმართულებით რადიკალური ცვლილება არ იგეგმება.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ მიმართულებით რადიკალური ცვლილება არ იგეგმება. ალბათ ყველაზე მსუბუქი და მისაღები იქნებოდა თუნდაც პირბადის ტარების ვალდებულება დაგვებრუნებინა და პირბადის ტარება დახურულ სივრცეში მკაცრად კონტროლირებადი ყოფილიყო“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

გადაცემაში ყოფნისას ივანე ჩხაიძემ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ვაქცინაციის ტემპზეა დამოკიდებული, როდის დასრულდება ქვეყანაში პანდემია.

ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ ქვეყანა ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ მიზანს მიაღწევს.

„მხოლოდ „ფაიზერზე“ ორიენტირებული არ უნდა იყოთ. დაგვიანებული ვაქცინაციის ყოველი დღე არის გაზრდილი რისკი ინფიცირების, საავადმყოფოში მოხვედრისა და ლეტალობის. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, პანდემია სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად დასრულდება. თუ ჩვენ ამ ტემპებით გავაგრძელებთ სვლას, პანდემია საქართველოში დასრულდება 2023 წელს. ყოველდღიურად 8 000 პირის ვაქცინაცია ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ წელიწადი და მეტი ვიცხოვრებთ ამ პირობებში. პანდემიის დასრულება მთელ მსოფლიოში ერთდროულად არ მოხდება. ამის უკან დგას ყველა ქვეყნის ძალისხმევა, აცრას თავისი მოსახლეობის სულ მცირე 60 პროცენტი. მგონია, რომ ეს გეგმა შესრულდება, მათ შორის მედიის აქტიური ჩარევის წყალობით. ძნელია, რომ მარტო სამედიცინო სისტემამ მოახერხოს მოსახლეობის დარწმუნება, ინფორმირება, ეს ყველას საქმეა. მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს, წლის ბოლომდე მივაღწევთ ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ მიზანს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.