ივანე ჩხაიძე - საქართველოში ახალი კორონავირუსის ეპიდემიისგან ძალიან შორს ვართ
ივანე ჩხაიძე - საქართველოში ახალი კორონავირუსის ეპიდემიისგან ძალიან შორს ვართ

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ კლინიკა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებს.

ამასთან, ჩხაიძის თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევა არის დაფიქსირებული, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ეპიდემიისგან ძალიან შორს არის.

„რაც შეეხება მზაობას, პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ მივიღეთ კონკრეტული რეკომენდაციები. ვმუშაობთ ორი მიმართულებით – პერსონალის ტრენინგი, რაც ძირითადად მოიცავდა საკითხებს, როგორ უნდა გამოავლინოს პერსონალმა საეჭვო შემთხვევები და როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში. გარდა ამისა, გვქონდა კონკრეტული რეკომენდაცია ექიმების ეკიპირებაზე, რომლებიც კონტაქტში შედიან ასეთ პაციენტებთან. პერსონალი, რომელიც კონტაქტში შედის პაციენტებთან, არის მაქსიმალურად ეკიპირებული. მაშინვე, როგორც კი საეჭვო შემთხვევა იქნება, გვაქვს რეკომენდაცია, დავუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ვიმოქმედოთ სიტუაციის შესაბამისად. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან შორს ვართ ეპიდემიისგან, კორონავირუსის შემთხვევაში ჩვენ გვყავს სამი პაციენტი 3.5 მილიონიან მოსახლეობაზე. ასე რომ, არა მარტო ეპიდემიაზე, არამედ შემთხვევების გახშირებულ რაოდენობაზეც კი არ არის საუბარი, იმდენად მცირეა ეს რიცხვი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მიიჩნევა, რომ ახალი კორონავირუსისთვის ხელსაყრელი გარემო პირობებია ჰაერის დაბალი ტემპერატურა, მაგრამ კატეგორიულად ამის თქმა ძნელია, თუმცა არსებობს კვლევა, რომელიც აღნიშნულ მოსაზრებას ადასტურებს.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით საქართველოში რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა იმასთან, რაც კორონავირუსს სჭირდება. წვიმების გამო ტემპერატურა და ტენიანობა მოიმატებს და შესაძლებელია, გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით ვირუსის გავრცელების  რიცხვი შემცირდეს“, – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ყველა პედიატრიულ კლინიკას აქვს რეკომენდაცია,  როგორ გამოავლინოს საეჭვო შემთხვევა. ასეთი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ ყველა კლინიკა უნდა დაუკავშირდეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ჩაატაროს სპეციალური გამოკვლევა საბოლოო პასუხისთვის.

ამასთან, მან კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დღევანდელ მონაცემებზეც ისაუბრა.

„მსოფლიოში დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსის 87 137 შემთხვევა. ჩინეთში არის ყველაზე დიდი რაოდენობა – 79 ათასი და გარდაცვლილია 2 873. გარდა ჩინეთისა, მსოფლიოს 58 ქვეყანაში დაფიქსირდა ახალი კორონავირუსი, მათ შორის არის 104 გარდაცვლილი. ერთი განსახვავება და ტენდენცია, რაც ბოლო დღეებში  გამოიკვეთა ის არის, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა ჩინეთში ნაკლებია და მსოფლიოში გაცილებით უფრო მეტი. ასევე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებში 7200 არის დადასტურებული,  104 შემთხვევა ლეტალობის კუთხით დაბალი მაჩვენებელია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.