ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია
ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია.

მისივე თქმით, გაუარესებულია ვირუსის მიმდინარეობის ყველა პარამეტრი.

„ის ციფრები, რომლებიც ფიქსირდება, 20-30 პროცენტით აღემატება ორი კვირის წინანდელ მაჩვენებელს. ეს ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი არ შეესაბამება იმ გეგმას, რაც განსაზღვრული გვქონდა. ამ მხრივ, როგორც ინფიცირების მაჩვენებელი, ისე გარდაცვალების მაჩვენებელი, აქტიური შემთხვევების რაოდენობა, ისე დადებითობის მაჩვენებელი, ყველა ეს პარამეტრი ბოლო დღეების განმავლობაში გაუარესებულია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, სპეციალისტები შემთხვევების მატებას არ გამორიცხავდნენ, თუმცა ეს იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე ელოდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ზაფხულის პიკი წინ არის, ვგულისხმობ, როგორც მობილობას, ასევე პოტენციურად კორონავირუსის მატარებელი იმ ადამიანების რაოდენობას, რომელიც შეიძლება, ქვეყანაში შემოვიდეს, უფრო ადრე მივიღეთ შემთხვევების მცირე, მაგრამ მაინც მატება, ვიდრე ამის მოლოდინი გვქონდა. შესაბამისად, იმის რისკი, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში მდგომარეობა დარჩეს ასეთივე არასტაბილური და ინფიცირების რაოდენობა გაიზარდოს, ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ივანე ჩხეიძის თქმით, ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამიც დომინანტი იმაზე ადრე გახდება, ვიდრე ამის მოლოდინი იყო, მისი პროგნოზით, ეს მიმდინარე თვის მეორე ნახევრიდან, თვის ბოლომდე მოხდება.

„ინდური შტამის დაფიქსირებული რაოდენობა მატულობს, მაგრამ გახდება თუ არა დომინანტი, ეს მხოლოდ დროის საკითხია. მოლოდინი გვქონდა, რომ ეს აგვისტო-სექტემბერში მოხდებოდა, მაგრამ ალბათ, კორონავირუსის ინდური ვარიანტი გაცილებით უფრო ადრე გახდება დომინანტი. სავარაუდოდ ივლისის მეორე ნახევარში ან ივლისის ბოლოს იქნება. ამის უკან, არ არის მხოლოდ ვირუსოლოგიური მონაცემი, ამის უკან დგას სიტუაციის კლინიკური გაუარესება, ვინაიდან კორონავირუსის ინდური ვარიანტი გამოირჩევა უფრო მეტად აგრესიული მიმდინარეობით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე შეფასებით, იმუნიზაციის პროცესიც არ არის აქტიური. ის იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა გაიზრდება და წლის ბოლოს ქვეყანას ორჯერადად ვაქცინირებული მოსახლეობის 60 პროცენტი ეყოლება.

ამასთან, ივანე ჩხაიძე მოსახლეობას ვაქცინაციისა და არსებული რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს.

„დღეს მიმდინარე მასობრივი იმუნიზაციის პროცესის სტარტი არ იყო ისეთი აქტიური, რასაც ველოდებოდით, რაც განპირობებულია პორტალთან დაკავშირებულ ტექნიკურ ხარვეზით, რომელიც მიზანმიმართული აქცია იყო. ჰაკერულმა შეტევამ და რეგისტრაციის დაყოვნებამ დიდი გავლენა იქონია ვაქცინაციის რიცხვზე. ის მონაცემები, რომელიც გვაქვს, ყოველდღიურად მზარდია, მაგრამ დამაკმაყოფილებლად შეიძლება, შეფასდეს მხოლოდ მაშინ, თუ 15-20 ათასს მიაღწევს. ეს არის ის მინიმალური ციფრი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ერთი თვის განმავლობაში ავცრათ 250 ათასი ადამიანი. ყველა სხვა ციფრი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ წლის ბოლომდე ვერ შევძლებთ მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ შეიქმნება საქართველოში იმუნური ფენა, პანდემია გაგრძელდება, გაგრძელდება ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.