ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ განიხილება იმ ადამიანების საცხოვრებელ ადგილზე აცრა, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა არ შეუძლიათ
ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ განიხილება იმ ადამიანების საცხოვრებელ ადგილზე აცრა, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა არ შეუძლიათ

ყოველკვირეულად ემატება ასაცრელად დაწესებულებები. აცრის პუნქტების გაზრდა იგეგმება. ვფიქრობ, როდესაც გვექნება მართლაც დიდი რაოდენობით ვაქცინები, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ გაუჭირდება არც სამედიცინო დაწესებულებების და არც პერსონალის კუთხით, რომ უზრუნველყოს მასობრივი კამპანია, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „მოქალაქეთა ნაწილი გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე გამარტივებული არ არის. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი მოჰყავთ, რომ შესაძლებელია, პირველი დოზით რეგისტრაციისას შეიძლებოდეს იქვე მეორე დოზის დაჯავშნა, ან უკვე აცრის პუნქტში ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ შესაძლებელი იყოს, რომ ადგილზევე მოხდეს მეორე დოზის მიღების თარიღის მონიშვნა, რათა აღარ გახდეს საჭირო მეორე დოზაზე ცალკე რეგისტრაცია. რატომ ვერ მოხდა ამ მეთოდის დანერგვა საქართველოში“, ივანე ხაჩიძემ განაცხადა, რომ ეს ტექნიკურად შეუძლებელი არ არის.

მისივე თქმით, თუ ჩაითვლება, რომ აღნიშნული მეთოდი პროცესს ამარტივებს, შესაძლებელია, რეგისტრაციის პროცესში გამოიყენონ.

„არ მგონია, ეს ტექნიკურად შეუძლებელი იყოს. თუ ჩაითვლება, რომ უფრო კომფორტულია, ამარტივებს პროცესს, ამის გამოყენებაც შესაძლებელია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

გადაცემაში საუბრისას ივანე ჩხაიძემ ასევე განაცხადა, რომ მოქალაქეს ვაქცინის დაჯავშნა რამდენიმე მეთოდით შეუძლია, მათ შორის ტელეფონის საშუალებით.

გარდა ამისა, როგორც ხაჩიძე ამბობს, განიხილება ჩამოყალიბება მობილური ბრიგადების, რომლებიც საცხოვრებელ ადგილზე აცრიან ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, თავად მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში.

„დღეისთვის ჩვენ გვაქვს სამი განსხვავებული ტიპის რეგისტრაციის შესაძლებლობა. ინტერნეტით, რითაც ძალიან დიდი ნაწილი სარგებლობს; სატელეფონო ცხელი ხაზით; რაიონებში, სადაც შეუძლებელია ინტერნეტის გამოყენება და შესაძლოა, სატელეფონო კავშირიც გართულებული იყოს, დასაშვებია ეგრეთ წოდებული ცოცხალი რიგის გამოყენება. ასევე განიხილება მობილური ბრიგადების ჩამოყალიბება და ადგილზე ვაქცინაცია იმ ადამიანების, რომლებსაც  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, თავად მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში. მაგალითად, როგორც მოხდა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, სადაც მივიდნენ ბრიგადები და ჩაატარეს ვაქცინაცია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.