ივანე აბაშიძე – დღეს საქართველოს ჰყავს 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური, ორჯერ მეტი, ვიდრე ათი წლის წინ

15:14, 03.07.2026

ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველო შუა დერეფნის ფარგლებში სულ უფრო მნიშვნელოვან საზღვაო კარიბჭედ ყალიბდება. მზარდმა სატვირთო ნაკადებმა ახალი მოთხოვნები შექმნა ჩვენი ნავსადგურების, მარეგულირებელი სისტემისა და საზღვაო სერვისების მიმართ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ თურქეთის საზღვაო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა დაახლოებით 46%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის, როგორც საიმედო სატრანსპორტო დერეფნის მზარდ მნიშვნელობას.

„ვერცერთი ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაცია თანამედროვე გამოწვევებს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება, იქნება ეს სანქციების აღსრულება, გემების თაღლითური რეგისტრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება, გარემოს დაცვა თუ ავტონომიური ხომალდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები – ყველა ეს მიმართულება მოითხოვს კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას. სწორედ ამიტომ საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საქმიანობაში. შედარებით მცირე საზღვაო სახელმწიფოებსაც შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ გლობალური საზღვაო მმართველობის განვითარებაში“, – აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

ივანე აბაშიძის განცხადებით, საქართველო აგრძელებს ინვესტირებას ციფრულ საჯარო სერვისებში, საზღვაო განათლების გაძლიერებაში, მდგრადი ნავსადგურების განვითარების მხარდაჭერაში, მარეგულირებელი გარემოს ეფექტიანობის გაუმჯობესებაში, რათა საქართველო დარჩეს საიმედო, პროგნოზირებადი და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ნდობით აღჭურვილი საზღვაო პარტნიორი.

სააგენტოს დირექტორმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოში საზღვაო განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაზე. ივანე აბაშიძის თქმით, მეზღვაურებში ინვესტირება ნიშნავს ინვესტირებას თავად საზღვაო სექტორის მომავალ კონკურენტუნარიანობაში.

„საქართველოში მეზღვაურთა რაოდენობა მზარდია – დღეს საქართველოს ჰყავს თითქმის 21 000 სერტიფიცირებული მეზღვაური, ორჯერ მეტი, ვიდრე ათი წლის წინ. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, საერთაშორისო ფლოტზე მსახურობენ და წარმოადგენენ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს – მაღალკვალიფიციურ ადამიანურ კაპიტალს“, – აღნიშნა ივანე აბაშიძემ.

მსგავსი