ივან სკალფაროტო - საქართველოსთვის ძლიერი პორტი უკიდურესად მნიშვნელოვანია
ივან სკალფაროტო - საქართველოსთვის ძლიერი პორტი უკიდურესად მნიშვნელოვანია

საქართველოსთვის ძლიერი პორტი უკიდურესად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

სკალფაროტომ, რომელიც თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმს“ ესწრება, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ინვესტიციები რკინიგზაშიც, გზებშიც, მაგრამ პორტები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

„ინფრასტრუქტურა ყოველთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, იტალიას რვაათას კილომეტრიანი სანაპირო ზოლი აქვს. ასე რომ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ზღვასთან გასასვლელი. ზღვით შესაძლებელია გაცილებით მეტი ტვირთის გადაზიდვა. საქართველოსთვის ძლიერი პორტი უკიდურესად მნიშვნელოვანია. ის უფრო იოლად აკავშირებს აზიას ევროპასთან შავი ზღვის გავლით. ასე რომ, მნიშვნელოვანია ინვესტიციები რკინიგზაშიც, გზებშიც, მაგრამ პორტები უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ივან სკალფაროტომ.