მარიამ ქვრივიშვილი – შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო დერეფანი

10:44, 08.11.2026

შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო დერეფანი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან, ხან ჭენგთან ერთად დაესწრო.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი შუა დერეფნის კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკვანძო როლზეც გააკეთა.

„ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც შავ ზღვაზე შუა დერეფნის კარიბჭე გახდება და ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობაში მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს შეასრულებს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან პროგრესს საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო კავშირების მიმართულებითაც. „ივლისში ურუმჩი-თბილისის რეისს დაემატა შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისი. მოხარული ვარ, რომ ჩემი ბოლო ვიზიტის ფარგლებში, ავიაკომპანია China Eastern-თან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2027 წლიდან ფრენების აღნიშნული, კვირაში 3 სიხშირე გაიზრდება კვირაში 5 სიხშირემდე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ხალხთაშორის კავშირების, ტურიზმის, ბიზნესკავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მხარეები ასევე აქტიურად მუშაობენ პეკინიდან, გუანგჭოუდან და ჩენგტუდან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების შესაძლებლობებზე.

მსგავსი