ივან ბობკო - „დინამოსთან“ გულშემატკივრის გარეშე რთული იქნება
ივან ბობკო - „დინამოსთან“ გულშემატკივრის გარეშე რთული იქნება

თბილისის „მერანთან“ შეხვედრიაში ქუთაისის „ტორპედოს“ ფორმით უკრაინელმა ლეგიონერმა ივან ბობკომ პირველი გოლი გაიტანა.

„დიდი ხანია, რაც საქართველოში ვარ და, შეიძლება ითქვას, რომ „ტორპედოსთან“ ადაპტაცია გავიარე. კარანტინის პერიოდში და მანამდეც ბევრი ვიშრომეთ, დღეს კი თავს გუნდის სრულფასოვან წევრად ვთვლი. კარგია, რომ წინა ტურში გავიტანე, მაგრამ მთავარია, ის მატჩი მოვიგეთ და გულშემატკივარი გავახარეთ. იმედი მაქვს, ასეთ ტემპში გავაგრძელებთ. წინ პრინციპული მატჩი გველის“ – ამბობს ივან ბობკო

29 წლის ნახევარმცველმა მოახლოებულ 76-ე ქართულ „კლასიკოზე“ ილაპარაკა, რომელიც ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ მიიღებს. შეხვედრა 21 საათზე დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 75 მატჩიდან, 38 თბილისელებმა მოიგეს, 20 ფრედ დასრულდა, ხოლო 17 რიონისპირელებმა გაიმარჯვეს, ბურთების შეფარდება 123:69 თბილისელთა სასარგებლოდაა. სატურნირო ცხრილში „დინამო თბილისი“ 8 ქულით ლიდერობს, ხოლო „ტორპედო“ 4 ქულით მე-8 ადგილზეა.

ბობკო გუნდთან ერთად წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩისთვის ემზადება და მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარს აკეთებს.

„რა თქმა უნდა, გულშემატკივრის გარეშე ძალიან რთულია. პირველ რიგში, მათთვის ვთამაშობთ. ყველამ ვიცით, როგორ ატმოსფეროს ქმნის ქუთაისელი გულშემატკივარი და ისინი დაგვაკლდებიან, მაგრამ ჩვენს გულში არიან, ვიცით, რომ აუცილებლად უყურებენ თამაშს და ვეცდებით, მოსაგებად ყველაფერი გავაკეთოთ“ – აცხადებს ბობკო.

დატოვე კომენტარი