ივა ჭყონია - როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების მაღაზიებში საკმარისი მარაგია და მიწოდების პრობლემა არ იქნება
ივა ჭყონია - როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების მაღაზიებში საკმარისი მარაგია და მიწოდების პრობლემა არ იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მსხვილ სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კაკავა და ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსთან დაგეგმილი ბრძოლის პრევენციული ღონისძიებებისა და დაგეგმილი რეგულარული შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის მთავარი თემა ფინანსური და ლოგისტიკური საკითხები იყო, მათ შორის საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების პროდუქტების მარაგებისა და არსებული ფასების შენარჩუნების საკითხი.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა, ბაზარზე პროდუქტის საკმარისი მარაგია და უსაფუძვლოა ის აჟიოტაჟი, რომელიც სოციალურ ქსელშია შექმნილი.

„როგორც დედაქალაქის მაღაზიებში, ასევე რეგიონებშიც მარაგები არის საკმარისი და მიწოდების პრობლემა არ იქნება. ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებ, არ მიეცნენ არანაირ პანიკას. პანიკაში ნაყიდი პროდუქცია იწვევს იმას, რაც ხდება ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით – ეს გაუფასურება უფრო მეტად დაარტყამს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ის, რაც დღეს ხდება – პანიკურ სიტუაციაში პირველადი მოხმარების პროდუქციის შეძენა. დამერწმუნეთ, რომ მარაგები საკმარისზე მეტია და დეფიციტი არც ერთი კუთხით არ შეიქმნება. არანაირი საფრთხე დეფიციტის შექმნის, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქციის, ამ ეტაპზე არ არსებობს“, – აღნიშნა ივა ჭყონიამ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.