ივა ჭყონია - კონკურენციის სააგენტოს განცხადება შეიძლება, პოლიტიკური იყოს, რათა აჩვენონ მოსახლეობას, რომ ფასების ზრდას არ დაუშვებენ
ივა ჭყონია - კონკურენციის სააგენტოს განცხადება შეიძლება, პოლიტიკური იყოს, რათა აჩვენონ მოსახლეობას, რომ ფასების ზრდას არ დაუშვებენ

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, რომ ასოციაცია მზად არის, საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთან ითანამშრომლოს.

ივა ჭყონია კონკურენციის სააგენტოს იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სააგენტო დაინტერესდა ლარის კურსის ცვლილებისას კომპანიებისა და ასოციაციების მხრიდან ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით.

კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები, შესაძლოა, კომპანიებს შორის კოორდინაციისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის რისკებს შეიცავდეს.

„წარმოდგენა არ მაქვს, რას გულისხმობდა კონკურენციის სააგენტო და ჩემთვის საინტერესოა, რა კვლევა უნდა დაიწყონ. თუმცა, ხმამაღლა ვაცხადებ, მზად ვარ, კონკურენციის სააგენტოსთან ვითანამშრომლოთ. დამაფიქრებელია ჩემთვის ეს განცხადება, რადგან თავისუფალი ბაზრის ქვეყანა ვართ. არც ერთი ბიზნესოპერატორი არ არის შეზღუდული ფასების ზრდასა და კლებაში. არც ზედა ზღვარია ფასების და არც ქვედა ზღვარი. ნებისმიერს შეუძლია, თავისუფლად იმოქმედოს, მაგრამ იმდენად დიდია კონკურენცია, რომ ყველა ერიდება ფასების უაზროდ ზრდას და ვერც გაზრდიან. ეს ასე არ არის. მყიდველობისუნარიანობა რომ დავარდნილია, ყველა თავს იკავებს ფასების გაზრდისგან. ყველა კონტექსტს მოგლეჯილია განცხადება, რომელიც გაკეთდა. უფრო სხვა კონტექსტს ვხედავ ამ განცხადებაში, შეიძლება, პოლიტიკური განცხადებაც იყოს, რათა ანახონ მოსახლეობას, რომ ფასების ზრდას არ დაუშვებენ. თუ ბიზნესი თავისუფალია და ზეწოლა არ იქნება, როგორც უნდა ბიზნესს, ისეთ ლავირებას გაუწევს ფასებს. ბიზნესი მოტივირებული არ არის, რომ ფასები გაზარდოს. თუ კრიტიკული მომენტი არ იქნება, ამას არ აკეთებენ. იმ პირობებში, როცა ქვეყნის ბიუჯეტი დათვლილია 2.63-ზე და მაქსიმალური ზედა ზღვარი, რაც ბიზნესს შეიძლებოდა, აეღო და გაეთვალა, იყო 2.70. როგორ წარმოგიდგენიათ, როცა სამს უახლოვდება ლარი, იძულებული არ იქნებიან, გაზარდონ ფასები? დამატებით საწვავის ფასი, რომელიც პირდაპირ დისტრიბუციაზეა მიბმული და ბოლო ერთი წელია, სერიოზულადაა გაძვირებული, არ აისახება ფასებზე? დღევანდელ რეალობაში ფასები შეცვლილია და კომპანიებმა ფასები რომ შეცვალეს, ერთ და ორ დღეში არ აისახება. ეს გამოჩნდება აგვისტოს მეორე ნახევრიდან სექტემბრის დასაწყისში, როცა დასრულდება მოლაპარაკებები. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში სამის ნიშნულს თუ გადასცდა, ფასები კიდევ გადაიხედება“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.