ივა ჭყონია - ეროვნული ბანკი თუ დროულად არ ჩაერია, ინფლაცია წელს შარშანდელზე უარესი იქნება
ივა ჭყონია - ეროვნული ბანკი თუ დროულად არ ჩაერია, ინფლაცია წელს შარშანდელზე უარესი იქნება

ეროვნული ბანკი თუ დროულად არ ჩაერია, არსებული ისტერიის ფონზე, წელს შარშანდელზე უარესი ინფლაცია იქნება. ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში სურსათსა და პირველადი მოხმარების პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის საკითხი განიხილეს, რაც კორონავირუსის ქვეყანაში დაფიქსირების შემდეგ აქტუალური გახდა. 

გადაცემის მსვლელობისას დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პროდუქტზე უსაფუძვლოდ გაზრდილი ჭარბი სამომხარებლო მოთხოვნა ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფით ზეწოლას ახდენს და ფასების ზრდას განაპირობებს, ამიტომ, თუ ეროვნული ბანკი დროულად არ ჩაერევა, წელს ინფლაცია შარშანდელზე მაღალი იქნება.

„ამ სიტუაციაში ეროვნული ბანკი თუ არ ჩაერია და ინტერვენციები არ განახორციელა, ამ პანიკის ფონზე მივიღებთ იმას, რაც 2019 წელს, როცა ინფლაცია შვიდი პროცენტი გახდა. წელს უარესს მივიღებთ. ამიტომ, გამოიჩინონ კეთილგონიერება და დროულად ჩაერიონ, რადგან ეს არის ისტერია, რომელიც ჩაცხრება და გაძვირებულ ფონზე ერთი აშშ დოლარის მიმართ 3.20 ლარის კურსის პირობებში როცა იყიდი პროდუქციას, შემდეგ კურსი 2.00-ზეც რომ ჩამოვიდეს, იძულებული იქნება, იმ კურსზე დათვლილი ფასით გაყიდო დახლზეც“, – განუცხადა ივა ჭყონიამ „ბიზნესპარტნიორს“.